არჩევნები 2017

კალაძე: ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე პრობლემებზე, ტკივილსა და წუხილზე

Kakha Kaladze/Fb.com

"ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით" - ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, "ეს სულისკვეთება" მოსახლეობასთან შეხვედრებიდან იგრძნობოდა. 

"ჩვენ, ყველამ, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა, განახლებული ტრანსპორტით" - თქვა კალაძემ და მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, ოპონენტებს და აქტივისტებს.

"ძალიან ბევრი შრომა იყო, ბევრი თავდაუზოგავი შრომა, მაგრამ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ბევრი შრომა მოგვიწევს, ძალიან ბევრია პრობლემები, შესაბამისად, ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებზე, იმ ტკივილსა და წუხილზე, რომელიც დედალაქის მოსახლეობას აქვს" - განაცხადა კალაძემ.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 54% მიიღო. ენმ-ის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა - 15%. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ხმების 14%. ევროპული საქართველოს კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ - 7%. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა, კახა კუკავამ და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა - ხმების 3-3%.

ტელეკომპანიამ გამოკითხვა Edison Research-ს დაუკვეთა. გამოკითხვის ჩატარების დროა 2017 წლის 21 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %. 

კომენტარები