არჩევნები 2017

ნადირაშვილი: რუსთავში დენი გამორთულია, ბიულეტენებს სანთლის შუქზე ითვლიან

ტაბულა

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, რუსთავის რამდენიმე უბანზე ელექტროენერგია გამორთულია და ბიულეტენების დათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს. პარტიის წევრი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მიზეზი ამ უბნებზე ევროპული საქართველოს კანდიდატის უპირატესობაა. მისივე თქმით, ყველაზე დაძაბული ვითარება მე-10 სკოლაში განთავსებულ 35-ე უბანზეა. პარტია მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ვითარებას ადგილზე გაეცნონ. 

"რუსთავის რამდენიმე უბანზე გამორთეს შუქი და ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს სანთლის შუქზე. საქმე ის არის, რომ განსაკუთრებული ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან მოდის იმ უბნებზე, სადაც ევროპული საქართველოს კანდიდატი ლიდერობს. მე-10 სკოლაში განთავსებული 35-ე უბანი, სადაც ლიდერობს ევროპული საქართველოს კანდიდატი გიორგი ნიკოლაშვილი, სწორედ ამ უბანზე გამორთულია შუქი, გარეთ არის მობილიზება სპორტსმენების, იმ ადამიანების, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გარედან ცდილობდნენ პროცესის გაკონტროლებას. ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენს კანდიდატს წაართვას გამარჯვება სწორედ ამ უბანზე. 

მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტოს ზეწოლა, შეწყვიტოს გაყალბების მცდელობა. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო მედიას, თავისი ჯგუფები გაუშვან და ადგილზე მოხდეს ვითარების გარკვევა. ასევე არასამთავრობოებს, ქალაქ რუსთავს მიაქციონ ყურადღება, რადგან, ვიმეორებ, ამ წუთებში იქ არის დაძაბული ვითარება", - თქვა ირმა ნადირაშვილმა. 

კომენტარები