არჩევნები 2017

მელია კითხვაზე, როგორია სააკაშვილს რეაქცია არჩევნების შედეგებზე: გადაურეკეთ

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, პარტია მომავალს მას შემდეგ დაგეგმავს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს. 

"ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგს და ამის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმებს. განცხადებას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც გვეცოდინება საბოლოო შედეგი. 

ერთი რამ ძალიან ცხადია ყველასთვის, ეს არჩევნები ქართულმა ოცნებამ ჩაატარა უპრეცედენტო დარღვევებით. [...] ვერავინ დამაჯერებს, რომ კახა კალაძეს ზალიკო უდუმაშვილზე 3-ჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს [....]", - ამბობს მელია. 

ტაბულას კითხვაზე, რა ფუნდამენტურ ცვლილებას გეგმავს ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ თქვა: 

"ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ, ვაპირებდით და გავაგრძელებთ ყველა არენაზე, ყველა ფრონტზე, იქნება ეს საკრებულო, პარლამენტი თუ მშვიდობიანი მანიფესტაციები, რასაც ადგილი აქვს ჩვენი მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში". 

ხოლო კითხვაზე, რა რეაგირება ქონდა მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შედეგებზე, მან ასე უპასუხა: "გადაურეკეთ". 

მისი პასუხის მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოდ, საკრებულოში შევა. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ის ნაწილი, რომელიც დღემდე პარტიაში რჩება, პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგებოდა და მოტივად მმართველი გუნდის მიერ არჩევნების სავარაუდო გაყალბებას ასახელებდა. 

კომენტარები