კატალონია

კატალონიის ლიდერი: მადრიდის თავდასხმა ფრანკოს დიქტატურის შემდეგ ყველაზე საშინელია

Sky News

კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუდგემონმა კატალონიაზე ესპანეთის "დემოკრატიული თავდასხმა" დაგმო. ის ესპანეთის პრემიერმინისტრის, მარიანო რახოის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მადრიდი რეგიონის პარლამენტის უფლებამოსილების აღმოფხვრას და ავტონომიის გაუქმებას აპირებს. ესპანეთის მთავრობამ 6 თვეში რეგიონული არჩევნებიც დანიშნა. 

პუდგემონმა კატალონიის პრეზიდენტს მოუწოდა, მიიღოს საპასუხო ზომები "ფრანკოს დიქტატურის შემდეგ ყველაზე საშინელი თავდასხმის წინააღმდეგ". მისივე თქმით, ბარსელონა ვერ დათანხმდება მადრიდის პირობებს და აფრთხილებს ესპანეთის მთავრობას, რომ მოქალაქეების პასუხი მძიმე იქნება. 

კატალონიის პრეზიდენტმა ეს განცხადებები ბარსელონაში დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა - კატალონიის მთავარ ქალაქში 450 ათასზე მეტმა ადამიანმა ორი გავლენიანი, დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტის, ჟორდი სანჩესის და ჟორდი კრუიშარტის გათავისუფლება მოითხოვა. აქტივისტები მადრიდში დააკავეს, მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, კატალონიის მთავრობა კი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე საუბრობს. 

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ხელმძღვანელობის დათხოვნის და რეგიონში არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ოფიციალური მადრიდის მიერ რეგიონის პირდაპირი მმართველობა პოლიციაზე, ფინანსებზე და საზოგადოებრივ მედიაზე კონტროლის გავრცელებას მოიცავს. ასევე შეიკვეცება რეგიონული პარლამენტის ძალაც. სენატი მთავრობის მოთხოვნას 27 ოქტომბერს განიხილავს. 

კომენტარები