ბიორკი

ბიორკის ოპერის თეატრში დაგეგმილი კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია

Wallpaper.com

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია. 

3 ნოემბერს მუსიკოსის კონცერტს ოპერის თეატრში დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრება. 

ისლანდიელი მუსიკოსის მოსასმენად თბილისს მსმენელი სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევიან. მათ შორის ბილეთები ისეთ ქვეყნებშიც გაიყიდა, როგორიცაა მადაგასკარი და მავრიტანია. ასევე - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ჩინეთი და იაპონია.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაყიდვაშია 31 ოქტომბერს კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ბილეთების ფასი 200 ლარიდან იწყება. 

ორივე კონცერტზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს "Vulnicura"-ს წარუდგენს. "Vulnicura" თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს ბიორკის ყველაზე "პერსონალური" და "გულწრფელი" ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც. კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS-ია.

კომენტარები