ლიბერთი ბანკი

ლადო გურგენიძემ ლიბერთი ბანკი დატოვა

ytimg.com

ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ თანამდებობა დატოვა. ლიბერთი ბანკი რამდენიმე დღის წინ გაიყიდა, მისი 74.64%-ის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია "European Financial Group B.V"(EFG) გახდა.

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

ლადო გურგენიძე საქმიაობას 4Finance-ში გააგრძელებს, ის რამდენიმე დღის წინ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 4Finance ევროპაში უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ საკრედიტო კომპანიაა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გურგენიძემ ნიკ ჯორდანი შეცვალა. 

ლიტვური კომპანია 4Finance 2008 წელს დაარსდა და ის დღეისთვის 17 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს, კომპანიის ბრენდებია Vivus, SMSCredit და Zaplo. კომპანიის საკრედიტო პორტფელი 4 მილიარდ ევროს აჭარბებს. 4Finance მსოფლიოს 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის კომპანია ოპერირებს საქართველოშიც. 

ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, "ლიბერთი ბანკი" საქართველოსა და TBC-ის შემდეგ მომგებიანობით მესამე ადგილზეა. 2017 წლის მეორე კვარტალში ლიბერთი ბანკმა 20 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 36%-ით აღემატება.

ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკის" შეძენასთან დაკავშირებით პირველი განცხადება 2016 წლის 18 მაისს გააკეთა.  

რუხაძე მის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიით, Hunnewell Partners-ით სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

კომენტარები