უწყებათაშორისო კომისია

უწყებათაშორისი: პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში არ უნდა ამოწმებდეს მონაცემებს

იუსტიციის სამინისტრო

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულიკიანმა და მისმა მოადგილემ შალვა ხუციშვილმა,  საზოგადოებას არჩვენების მაღალ დონზე ჩატარება მიულოცეს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 19 ოქტომბერს მარნეულში მომხდარ თავდასხმას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. შეგახსენებთ რომ სოფელ ყიზილაჯლოში 19 ოქტომბერს 4 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ქართული ოცნების მაჟორიტარობის  კანდიდატი და საკრებულოს მოქმედი წევრი. კომისიის სხდომაზე საარჩევნოდ დმანისში მოსახლეობის მხარდაჭერისათვის  ადგილობრივთა „ყურანზე“ დაფიცების შესაძლო ფაქტებზეც ისაუბრეს და გიორგი ვაშაძის მიერ არჩევნების დღეს, მოსახლეობისათვის მესიჯების დაგზავნის ფაქტზე.

„მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნოდ მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დმანისში ადგილობრივთა „ყურანზე“ დაფიცებასთან დაკავშირებით. როგორც წინა სხდომაზე მომჩივანმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა მომხდარი ფაქტი და შესაბამისი რეკომენდაცია მიიღო, მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონია; დღევანდელ სხდომაზე კი პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინასაგამოძიებო მოქმედებების დროს გამოიკითხა ყველა პირი, ვისაც კი ამ პროცესთან რაიმე შეხება ჰქონდა და დადგინდა, რომ „ყურანზე“ დაფიცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.  ამასთან, კომისიამ განიხილა არჩევნების დღეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი ვაშაძის მხარდამჭერი ტექსტის დაგზავნის საკითხი. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, უშუალოდ არჩევნების დღეს სააგიტაციო შეტყობინების დაგზავნის საკითხი შეისწავლოს როგორც ცესკო-მ, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.“ - წერია განცხადებაში.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს და აღინიშნა, რომ პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში არ უნდა ამოწმებდეს მონაცემებს, ასევე საუბარი შეეხო შესაძლო ზეწოლის და სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებს.

„კომისიამ იმსჯელა პარტიების წარმომადგენელთა მიერ სამაგიდო სიებზე წვდომისა და მოსული ამომრჩევლის აღრიცხვის შესახებ. აღინიშნა, რომ პარტიული საქმიანობის ნაწილია კოორდინატორთა მუშაობა საარჩევნო უბნის მიმდებარედ, თუმცა, პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში არ უნდა ამოწმებდეს მონაცემებს და ამ სიებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. უწყებათაშორისმა კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადებებიც განიხილა, რომლებიც შესაძლო ზეწოლის და სააგიტაციო მასალის დაზიანების − პლაკატების ჩამოხევის ან მასზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატის გადაკვრის ფაქტებს უკავშირდებოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ყველა იმ საკითხს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა უწყებათაშორის კომისიას მიმართეს, უკვე მოჰყვა რეაგირება; ისინი შს სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, აუდიტის სამსახურსა და ცესკო-ს გადაეგზავნა. ამ უწყებების წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების თაობაზე.

უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა იყო.

 

კომენტარები