არჩევნები 2017

NDI: საარჩევნო კამპანია შეჯიბრებითობას მოკლებული იყო, პოლიტიკური ველი კი - არათანაბარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია შეჯიბრებითობას უმეტესად მოკლებული იყო, პოლიტიკური ველი კი - არათანაბარი. ორგანიზაციის განცხადებით, ამის საილუსტრაციოდ ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ მმართველმა პარტიამ კამპანიის შემოწირულობების დაახლოებით 90 პროცენტი მიიღო და ყველაზე დიდი მედია მხარდაჭერით ისარგებლა, მათ შორის მთავრობის მიღწევებისა და ღონისძიებების გაშუქებით.

"ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიას მწირი ფინანსური რესურსებით აწარმოებდნენ და შესაბამისად, მათი წარმოჩენა მედია სივრცეში და საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო. წარუმატებლობის განცდა მკვეთრად იგრძნობოდა მათ კამპანიებში. 

ოპოზიციური პარტიებისა და მიუკერძოებელი ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, ამ უთანასწორობის მიზეზი ოპოზიციის პოტენციურ შემომწირველებზე ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება იყო, თუმცა მმართველი პარტიის აზრით ისინი ოპოზიციაზე უფრო კარგად იყვნენ ორგანიზებულნი, უფრო ეფექტურად წარმართეს თანხების მოზიდვის პროცესი და უფრო დამაჯერებელი ხედვა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ასეთი დისბალანსის, სრულყოფილი პოლიტიკური მესიჯებისა და ქვეყნის დიდ ნაწილში დებატების ნაკლებობის ფონზე, იდეებისა და ღირებულებების რეალური ოპონირება შეფერხდა. ბევრი კანდიდატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის აზრით, არჩევნების შედეგი უკვე წინასწარ  იყო გადაწყვეტილი", - აღნიშნავს NDI. 

რაც შეეხება დარღვევებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიუთითებს, რომ არჩევნების დღემ მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა დარღვევებიც დაფიქსირდა. მაგალითად, შეზღუდეს ორგანიზაციების დამკვირვებლების უფლებები, ასევე "დაფიქსირდა პირდაპირი მუქარა სხვა დამკვირვებელთა ჯგუფის, პარტიის წარმომადგენლების ან უცნობი პირების მხრიდან'. 

"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შემდეგი ძირითადი დარღვევები გამოავლინეს: საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებისთვის ინსტრუქციის მიცემა, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა; საჩივრების დარეგისტრირებაზე უარი საუბნო კომისიის წევრების მხრიდან; ამომრჩევლის მარკირებას არ გამოყენება ან ამომრჩეველის მარკირებაზე არ შემოწმება; არასწორი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის ნების დართვა. პრობლემები იყო გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით; ზოგიერთი საარჩევნო უბანი გვიან გაიხსნა და საარჩევნო უბანზე არააკრედიტირებული პირები იმყოფებოდნენ. პარტიებმა, კანდიდატებმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა დელეგაციას საკუთარი წარმომადგენლების რამდენიმე საარჩევნო უბნიდან გაძევების შესახებ აცნობეს; ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ფიზიკური დაპირისპირების ზოგიერთი შემთხვევის შესახებ, თუმცა განცხადების წერის პროცესში ასეთი შემთხვევების სრული მასშტაბი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები