არჩევნები 2017

ენმ II ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, საკრებულოებში შევა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველ ქალაქებსა და თემებში მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, პარტია საკრებულოებში შევა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ენმ-ის პოლიტსაბჭოზე მიიღეს.

"მასობრივი გაყალბების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო ფონზე, რომელიც ამ არჩევნებზე გამოიყენა ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურებში არ მივიღოთ მონაწილეობა" - თქვა ქუთაისის მერობის კანიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვას უპრეცედენტო ხასიათი ჰქონდა და ამის "გაპრავებას აღარ ვაპირებთ".

"თუ ცირკის დირექტორმა ვიღაცის კლოუნად დანიშვნა გადაწყვიტა, ამის გაკეთება ქართულ ოცნებას მარტო მოუწევს" - ამბობს ვაშაძემ.

კითხვაზე, "საკრებულოებში შეხვალთ?", ენმ-ის მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ "საკრებულო პირველი ტურის საკითხია". მისივე თქმით, "ხალხმა იბრძოლა და თავისი შესანიშნავი შედეგები დადო, ვინც დადო". მან ამომრჩეველს და მხარდამჭერებს მიმართა, რომ "სტანდარტული გზები ნაციონალურმა მოძრაობამ მიატოვა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას კონსტიტუციის ფარგლებში".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გაიმართება (ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და ენმ-ის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის).

ასევე, მერის არჩევნების მეორე ტურის საჭიროება დადგა მარტვილში (ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატს შორის), ხაშურში (ქართული ოცნების და დამოუკიდებელ  კანდიდატებს შორის), ყაზბეგში (ქართული ოცნების და დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატებს შორის), ბორჯომსა (ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს შორის) და ოზურგეთში (ქართული ოცნების და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის). 

კომენტარები