საქართველოს პარლამენტი

ბესელია: ვმუშაობთ ეთიკის კოდექსზე, დავუწესოთ ჩვენ თავს ყველაზე მაღალი სტანდარტი

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ორგანო დეპუტატეტის ეთიკის კოდექსზე მუშაობს. ბესელია ამბობს, რომ წინა პარლამენტში ხშირად ყოფილა არაეთიკური ფორმებით მიმართვის მომსწრეც და თავდასხმის ქვეშაც.

Ipress-ის ინფორმაციით, ეკა ბესელიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ეს იქნება პირველი დოკუმენტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს მალე, რაც გაზრდის პარლამენტის წევრების ერთმანეთის მიმართ ურთიერთობის ეთიკურ სტანდარტებს. გაიზრდება პარლამენტის ანგარიშვალდებულებაც, რადგან პარლამენტის წევრს აქვს ძალიან მაღალი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, წინა პარლამენტში ძალიან ხშირად ვყოფილვარ მომსწრეც და თავდასხმის ქვეშაც არაეთიკური ფორმებით მიმართვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს სტანდარტი იყოს პარლამენტში, ამიტომ, მომხრე ვარ, ეთიკის კოდექსი იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის, დავუწესოთ ჩვენ თავს ყველაზე მაღალი სტანდარტი. პარლამენტი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, პოლიტიკურ სივრცეში ურთიერთობის, მოქმედების, მიმართვის ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურის, ეს სტანდარტი ჩვენ უნდა დავაწესოთ", - აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის, თავად ეკა ბესელიას არაერთხელ გამოუყენებია არაეთიკური ფორმები. 2017 წლის 23 თებერვალს მან დეპუტატ თინა ბოკუჩავას "პარლამენტში ყველაზე უვიცი" უწოდა, 10 თებერვალს კი ოთარ კახიძეს "საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი" და "თავხედი". 2016 წელს ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს უთხრა: "ნუ ატლიკინებ ენას და გადი, სანამ ჩიორა ხარ მართლა". 2015 წელს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილს "სახიფათო მატყუარა" და "ფლიდი" უწოდა და თქვა, რომ თუ ის ვერ ხვდება რატომ ტყუის, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარონ.

კომენტარები