ე.წ ციანიდის საქმე

მამა გიორგი მამალაძეს დღეს მეუფე დიმიტრი მოინახულებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე და მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი
Facebook/ Mariam Tarielashvili

მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძეს დღეს მეუფე დიმიტრი მოინახულებს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ე.წ. მატროსოვის ციხეში მისვლას 11:00 საათისთვის აპირებს. საპყრობილეში მივა მამა რევაზ სიხარულიძეც. სასჯელაღსრულების დაწესებულებას საშვი უკვე გაცემული აქვს.

„ჩემი აზრით, მეუფე დიმიტრი აქამდე უნდა შესულიყო მამა გიორგისთან და უნდა მოენახულებინა, რადგან თავისი სულიერი შვილი იყო. თანაც მამა გიორგი ითხოვდა დაჟინებით, რომ მეუფე დიმიტრის მოენახულებინა. მაგრამ არაუშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,“ - ამბობს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრის საპატიმროში შესვლას დაკავების დღიდან ითხოვდა. რამდენიმე თვის წინ, დეკანოზმა შიმშილობაც დაიწყო პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დეკანოზი დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები