მონეტარული პოლიტიკა

კობა გვენეტაძე: რეფინანსირების განაკვეთს 7%-ზე ვინარჩუნებთ

კობა გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 7%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით ამ ეტაპზე განაკვეთის დამატებითი ზრდის საჭიროება არ არსებობს. გვენეტაძის თქმით, თუკი ქვეყანაში რაიმე ფინანსური შოკი არ წარმოიქმნა ეროვნული ბანკი განაკვეთს არ გაზრდის და მას ეტაპობრივად შეამცირებს.

"სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა. თუკი არ წარმოიშვება დამატებითი შოკები, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.

2017 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე გაზარდა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.7 პროცენტია. თუმცა, შიდა მოთხოვნა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის", - წერია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე 2 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით გაზარდა, მაშინ ბანკმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო მიიღო. სებ-ის შეფასებით, ამ დროისთვის განაკვეთის დამატებითი ზრდის საჭიროება არ ჩანს. 

კანონის მიხედვით, ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. სებ-ი ამ მოვალეობას რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით, ანუ მის მიერ კომერციულ ბანკებზე მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით აკონტროლებს. თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალია სებ-ი ამ დროს რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, სამიზნეზე დაბალი ინფლაციის შემთხვევაში კი განაკვეთს ამცირებს. წელს ინფლაცია სებ-ის სამიზნე 4%-ზე მაღალია და მან ივნისში 7.1%-საც კი მიაღწია, რაც ბოლო ხუთი წლის მაქსიმალურ ნიშნულს წარმოადგენს. 2018 წლისთვის ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3% იქნება.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური გაუმჯობესების მიუხედავად არსებული ვითარება მაინც ჩამორჩება შოკამდე არსებულ პერიოდს:

"ეკონომიკური აქტივობის წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ამ ეტაპზეც ნარჩუნდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან. კვლავ მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა საგარეო შოკამდე არსებულ დონეს ის ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტი. საგარეო მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს როგორც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაჯანსაღება, ასევე კონკურენტული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი. ყოველივე ეს აისახება საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში", - წერია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსების განაკვეთთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილება 2017 წლის 13 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

 

 

კომენტარები