არჩევნები 2017

ხაბეიშვილი: ივანიშვილი აძლევს უფლებას კეზერაშვილს, რომ "ევროპელებს" თანხა შესწიროს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ევროპული საქართველოს "ლიდერშიფი" ბიძინა ივანიშვილთან გარიგებულია. ხაბეიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა, ბიძინა ივანიშვილი დავით კეზერაშვილს აძლევს უფლებას, ევროპულ საქართველოს თანხები შესწიროს. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ფინანსების მიღება ბიძინა ივანიშვილის გარეშე შეუძლებელია.

"ის აკონტროლებს ამ ველს - მას ვისაც უნდა, აქვს დაფინანსება, ვისაც არ უნდა, არა აქვს დაფინანსება, ეს არის 2X2" - ამბობს ხაბეიშვილი და აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, ამ არჩევნებზე გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი აეღო.

"აუდიტის სამსახურის შემოწირულობებიდან ჩანს, რომ მეორე ადგილზე, სწორედ ეს პოლიტიკური პარტია გავიდა შემოწირულობებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ 100%-დან, მე მგონი, 1%-იანი შემოწირულობითაც არ სარგებლობს. ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩაატარა ყოველგვარი ფინანსების გარეშე.

ევროპული საქართველოს % უნდა დავაბრალოთ იმ 30 000-დან 40 000-მდე აგიტატორს და კოორდინატორს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში" - თქვა ხაბეიშვილმა.

ენმ-ის წევრის თქმითვე, "დღეს მივიღეთ ჩვენი ოპოზიცია, ლიდერშიფი, რომელიც, ჩემი პოზიციით, პირდაპირ გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან, აქვს ფული და შესაბამისად მიიღეს 150 000 ხმა ამ არჩევნებზე. რაც ვთქვი, ერთი მთავარი არგუმენტია ის, რომ 8-11% აქვს ყველა ქალაქში, წარმოუდგენელია ის, რომ ყველა ქალაქში სტანდარტულად, ერთი და იგივე ჰქონდეს. ერთადერთი ახსნა აქვს - სტანდარტულად მიშა მაჭავარიანმა დაგეგმა ერთი რაოდენობის კოორდინატორებით მთელს საქართველოში, ეს მას გაუკეთებია შევარდნაძის დროს, ნაციონალური მოძრაობის დროს და აკეთებს ახლაც".

კითხვაზე, „თქვენ გულისხმობთ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ევროპულ საქართველოს?", ხაბეიშვილი პასუხობს:

„არა, მოდი ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ფულს კი არ აძლევს, კაცო, აძლევს უფლებას, მათ შორის კეზერაშვილს, რომ გარკვეული თანხები შესწიროს ევროპულ საქართველოს, ახლა ეს ანი-ბანია პოლიტიკის და ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობს, იმან ყველაფერი კარგად იცის და დაინტერესდნენ - კეზერაშვილი თავის დროზეო, ვინმეს ფულს თუ აძლევდა და არ აძლევდაო. ის ხალხი, ვისაც [კეზერაშვილი] ფულს აძლევდა, დღეს ევროპულ საქართველოშია“ - თქვა ხაბეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „აქედან გამომდინარე, თქვენ უწოდებთ ევროპულ საქართველოს ფსევდო-ოპოზიციას და ამბობთ, რომ ამ საქმიანობით ისინი რეალურად ხელს უწყობენ და ხელი შეუწყვეს კახი კალაძის გამარჯვებას?“, ენმ-ის წევრი პასუხობს, რომ ის არ საუბრობს ევროპული საქართველოს ყველა წარმომადგენელზე.

„რა თქმა უნდა, აქ არ არის [საუბარი] მხარდამჭერებზე, რომლებიც გულწრფელად აძლევენ, მათ შორის, ვიღაცა მოსყიდვით, ვიღაცა გულწრფელად აძლევს ხმას, მაგრამ ფაქტია, რომ ლიდერშიფი და ეს რეალობა, რაც დადგა, მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით, არის რეალობა“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები