გიორგი ლორია

ლორია: ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია, აგრესია ნებისმიერის მიმართ დასაგმობია

gff.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოგყვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილისგან. კაშიამ მის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს უპასუხა.

ამ თემასთან დაკავშირებით ტაბულა საქართველოს ნაკრებისა და "ანჟის" მეკარე გიორგი ლორიას ესაუბრა.

"ჩემი და გურამის ურთიერთობა დინამოს აკადემიიდან დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. ახლო მეგობრები ვართ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ. მას ჩემი ქება არ სჭირდება, ყველამ კარგად იცის როგორი პიროვნება და როგორი წესიერი ადამიანია. საუკეთესო ოჯახი ჰყავს. რაც მთავარია, ძალიან ძლიერი და წარმატებული ფეხბურთელია. როგორც ჩანს, საქართველოში გურამის ქმედება, საზოგადოების ნაწილმა მძიმედ აღიქვა, ან არასწორად გაიგო.

ეს კაშიას თავისუფალი ნების გამოხატვა იყო და მეც ვეთანხმები, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია და აგრესია ნებისმიერი ადამიანის მიმართ დასაგმობია. არ აქვს მნიშვნელობა, ლგბტ თემის წარმომადგენელი იქნება, თუ არა. ლგბტ თემის მიმართ სრულიად ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ უნდა გვქონდეს, რადგან ყველა თავად წყვეტს, როგორ იცხოვროს. მაგრამ, მანამ, სანამ სხვის თავისუფლებას არ ზღუდავს. სხვა საკითხია ამ ყველაფრის აფიშირებაც.

ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თავისუფალი და გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს თავის ცხოვრება. ეს სამკლაური კი ნიშნავს - არა ძალადობას."- თქვა გიორგი ლორიამ ტაბულასთან საუბრისას.

კომენტარები