შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე

პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის გამოძიება დაიწყო

metro.us

პროკურატურამ გუშინ ღამით ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო.   

"საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების  მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საქმე 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ შემთხვევას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიცია მოქალაქეებმა მეზობლების კონფლიქტის გამო გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ ინპექტორებთან სავარაუდოდ არაფხიზელი ახალგაზრდა მივიდა, რომელიც „განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემომყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს“. 

შსს იტყობინება, რომ ხსენებულ პირს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა ის უფრო აგრესიული გახდა და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება გახდა საჭირო, რა დროსაც „უეცრად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა“.

თუმცა, მოქალაქეების ნაწილი მომხდარში ბრალს შსს-ის თანამშრომლებს სდებს და აცხადებს, რომ როდესაც დაღუპულმა ცუდად ყოფნის შესახებ დაიჩივლა, თავდაპირველად პოლიციამ არ დაუჯერა, სასწრაფოს კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

კომენტარები