აშშ-საქართველოს ურთიერთობა

კონგრესმენები საქართველოს მთავრობას ამერიკელი მეწარმეების შევიწროვებისთვის აკრიტიკებენ

peo.house.gov

24 ოქტომბერს ტეხასის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა, ტედ პომ და ჯენ გრინმა კონგრესს ორპარტიული რეზოლუცია წარუდგინეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას ხელახლა ადასტურებს.

"უკანასკნელი ორნახევარი ათწლეულის მანძილზე, საქართველომ საკუთარი თავი რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელად გარდაქმნა. პერიოდულად, საქართველო ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული და დამხმარე მოკავშირეა. ჩვენმა ქვეყნებმა განავითარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული" განაცხადა ტედ პომ და დაამატა, რომ მხარს უჭერს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას და ამისათვის საუკეთესო გზა ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებია.

სენატორების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში ამერიკული კომპანიები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს გამო და ხაზს უსვამენ ბიუროკრატიულ ბარიერებს და კორუფციის ბრალდებებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ნაწილში.

"როგორც საქართველოს მეგობარი, ჩემი ვალია არა მხოლოდ შევაქო თბილისი პროგრესისათვის, არამედ მივუთითო იმ სამუშაოზე, რაც გასაკეთებელია იმისათვის, რომ საქართველომ დემოკრატიული ტრაექტორიიდან არ გადაუხვიოს." ნათქვამია განცხადებაში.

რეზოლუცია განამტკიცებს კავშირებს საქართველოსთან და მოუწოდებს მას ქვეყანაში მოქმედი ამერიკული კომპანიებისათვის სამართლიანი კონკურენცია უზრუნველყოს.

"უცხოელი ინვესტორებისათვის კარგი ბიზნეს კლიმატის წყალობით საქართველოს ზრდა უკანასკნელ წლებში შთამბეჭდავია. საქართველოში ამერიკულ კომპანიებთან ვალდებულებების დარღვევა ორმხრივი ურთიერთობებისათვის საზიანო იქნება. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო პატივს სცემს კანონს Frontera Resources-სთან მიმართებაში და რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კვლავ მტკიცე და ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება." განაცხადა გრინმა.

ტედ პო და ჯენ გრინი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები არიან. ტედ პო საქართველოზე აშშ-ის კონგრესის სხდომის თანა-თავმჯდომარეა.

კომენტარები