ეკონომიკური ზრდა

2017 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: Facebook.cpm/Babilon Tower

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის ცხრა თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპმა 4.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი მთავრობის მიერ საპროგნოზოდ განსაზღვრულ 4%-იან ზრდას 0.4%-ით აღემატება.

წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მარტსა და მაისში იყო, ყველაზე დაბალი კი აპრილში:

  • იანვარი - 5.2%
  • თებერვალი - 4.4%
  • მარტი - 5.3%
  • აპრილი - 2.1%
  • მაისი - 5.3%
  • ივნისი - 4.6%
  • ივლისი - 3.8%
  • აგვისტო - 4.3%
  • სექტემბერი - 5%

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დადებითი გავლენა მოახდინა 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე კომპანიების გაზრდილმა ბრუნვამ. სექტემბერში ბიზნესის ბრუნვამ 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.7%-ით მეტია. 

2018 წელს საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს, რაც ბიუჯეტის პროექტთან მიმაგრებული დოკუმენტის "ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინდიკატორების" საბაზო ვერსიაში არის ასახული.

IMF-მა ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს 2017 და 2018 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. წელს ფონდი საქართველოში 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული პროგნოზით კი ის 4.3%-ის დონეზეა, 2018 წლის განახლებული პროგნოზი კი 4.2%-ია, რაც ფონდის წინა პროგნოზს 0.2%-ით აღემატება.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები