აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერს ბრალი წაუყენეს

Getty Images

CNN-ის და New York Times-ის ცნობით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერს, პოლ მანაფორტს არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით მანაფორტი და მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი რიკ გეიტსი ფედერალურ უწყებას უნდა ჩაბარდნენ.

ორივე მხარე ბრალდებებს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ პოლ მანაფორტი დონალდ ტრამპის წინასაარჩვენო კამპანიას 2016 წლის მარტიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ახლა მანაფორტი ტრამპის კამპანიისა და რუსეთის კავშირების გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. FBI მის საქმიანობას დეტალურად სწავლობს. FBI მანაფორტის წარსულ ლობისტურ საქმიანობასაც იძიებს და მასში ფულის გათეთრებისა და კორუფციის შესაძლო ნიშნებს ეძებს. 

პოლ მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული. მანაფორტი ლობისტური კარიერის განმავლობაში იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები.

კომენტარები