კომპანია Apple

Apple-ის ინჟინერი სამსახურიდან შვილის YouTube ვიდეოს გამო გაათავისუფლეს

REUTERS/Stephen Lam

ვლოგერმა ბრუკ ამელია პეტერსონმა YouTube-ზე კომპანია Apple-ს კამპუსში გადაღებული ვიდეო ატვირთა. პეტერსონის პერსონალური გიდი კომპანიაში მამა, Apple-ის მენეჯერი, კენ ბაუერი იყო. ვიდეოში ვლოგერმა საზოგადოებას მამის ექსკლუზიური iPhone X-იც გააცნო, რამაც ვიდეოს რამდენიმე მილიონი ნახვა მოუტანა, თუმცა ინჟინერი კენ ბაუერი კომპანიის წესების დარღვევისთვის და ექსკლუზიური კადრების გასაჯაროებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საქმე იმაშია, რომ iPhone X ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონის სარეკლამო ვიდეოებს ინტერნეტში მრავლად ნახავთ, კენ ბაუერს, როგორც Apple-ის თანამშრომელს, არ ჰქონდა უფლება ექსკლუზიური ტელეფონის კადრები გაევრცელებინა. 

ბრუკ ამელია პეტერსონი მამის სამსახურიდან გათავისუფლებას ისევ YouTube ვიდეოთი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან პატარა, უწყინარი ვიდეო გადაიღო, რომელიც მისი ოჯახისთვის სახალისო მოგონებად უნდა დარჩენილიყო.

"როგორც კი კომპანია Apple-მა ვიდეოს აღება მთხოვა, მე მაშინვე წავშალე ის, რადგან პატივს ვცემ ამ კომპანიას. არც ვიცოდი რომ წესები დავარღვიე, უბრალოდ, მამაჩემმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და შედეგად ის სამსახურიდან გაათავისუფლეს."-აღნიშნა ვლოგერმა ვიდეოში.

პეტერსონმა მამის შესახებ საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა და საზოგადოებას აუხსნა, რომ მამამისმა უნებლიედ დაარღვია კომპანიის შინაგანაწესი, თუმცა Apple-მა მას შეცდომა არ აპატია.

iPhone X, რომელიც Apple-მა კომპანიის 10 წლისთავის აღსაღნიშნავად შექმნა, გაყიდვაში 3 ნოემბრიდან გამოვა.

კომენტარები