კონცერტი ისრაელში

როჯერ უოტერსი ნიკ ქეივს მოუწოდებს, არ ჩაატაროს კონცერტი ისრაელში

GETTY IMAGES

2017 წლის დასაწყისში ნიკ ქეივმა ტურნე დაანონსა, რომლის ფარგლებშიც 19 და 20 ნოემბერს კონცერტი ისრაელში, თელ ავივში გაიმართება. არტისტებმა, კერძოდ კი, როჯერ უოტერსმა, სარტენ მურიმ და თან ადებიმფმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ნიკ ქეივს მოუწოდებენ, რომ ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად არ ჩავიდეს, "მანამ, სანამ აპარტეიდი არსებობს". წერილს ხელს რეჟისორები კენ ლოუჩი და მაიკ ლეიც აწერენ.

გარდა ღია წერილისა, საკუთარი განცხადება ნიკ ქეივის მიერ ისრაელში დაანონსებულ კონცერტებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა როჯერ უოტერსმა.

"მე მაინტერესებს ნიკ ქეივი, ბრაიან ადამსი [4 და 5 დეკემბერს ადამსს ისრაელში კონცერტები აქვს დაანონსებული], ტომ იორკი და სხვა ადამიანები, ერთი ან ორი დღე თუ გაძლებდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ან თუ გაძლებდნენ იმ პირობებში, რომ მათ შვილს შუაღამისას აღვიძებენ და აპატიმრებენ. კვლავ დააიგნორებდნენ მსხვერპლის კივილსა და პალესტინელი მოქალაქეებისგან სასოწარკვეთილ მუდარას დახმარებისთვის? კვლავ გადაკვეთდნენ გაფიცულთა კორდონს? შენ შეგიძლია, ყურადღება მიაქციო მათ ტირილს, პატივი სცე შენი დებისა და ძმების გაფიცვებს და დადგე მათთან ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლისას, უფლებებისთვის, რომელიც ჩვენ ბრძოლის გარეშე მივიღეთ, ან შეგიძლია, ზურგი შეაქციო, აიღო შილინგი და მათი ბატონები გაართო წვეულებებზე." - წერს უოტერსი.

თავად როჯერ უოტერსს 2011 წლის 23 აპრილს მოსკოვში, 25 აპრილს კი სანკტ-პეტერბურგში ჰქონდა კონცერტი. 2018 წლის 31 აგვისტოს კი ასევე მოსკოვში, სპარტაკის სტადიონზე აქვს კონცერტი დაგეგმილი.

ქეივს ისრაელის მოქალაქეების ჯგუფმაც გაუგზავნა წერილი იმავე მოთხოვნით, რომ კონცერტი არ ჩაატაროს და ამით მხარში დაუდგეს პალესტინელებს.

მსგავსი რეაქციები მოყვა რედიოჰედის მიერ 2017 წლის ივლისში დაანონსებულ კონცერტს თელ ავივში. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე უოტერსმა ტომ იორკს მოუწოდა, რომ პროტესტის ნიშნად ისრაელში არ ჩასულიყო. რედიოჰედი თელ ავივში მაინც ჩავიდა და 11 წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი კონცერტი გამართა.

კომენტარები