Doing Business

Doing Business: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა

0 კომენტარი
ფოტო: world bank

Doing Business-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილზეა. საქართველომ წინა რეიტინგთან შედარებით შვიდი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია. საქართველომ წინა რეიტინგთან შედარებით გადაასწრო შვედეთს, მაკედონიას, ესტონეთს, ფინეთს, ავსტრალიას, ტაივანსა და ლატვიას. 

წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.

საქართველოს ქულები ასე გამოიყურება:

  • ბიზნესის დაწყება - 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით)
  • მშენებლობის ნებართვის მიღება - 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით)
  • ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით)
  • მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით)
  • გადასახადების გადახდა - 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით)
  • გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით)

ცვლილებები, რომელთა გამოც საქართველო დაწინაურდა:

ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების ინდიკატორი - რეფორმით შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური და პროცედურების რაოდენობა.

მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის ინდიკატორი - მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით 2017 წლის მაისში ცვლილებები შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებში. ასევე, 2016 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელმაც, ასევე, დადებითად იმოქმედა ზემოაღნიშნულ ინდიკატორზე. ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად არის დაცული მცირე აქციონერთა უფლებები. მცირე აქციონერებს გააჩნიათ მეტი ხელმისაწვდომობა კომპანიის შიდა დოკუმენტებთან, მენეჯერების ანაზღაურებასთან. დაიხვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა აუდიტის კომიტეტთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეგულაციები.

გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის ინდიკატორი - 2017 წლის მაისში ცვლილება განხორციელდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც მოვალის, ასევე კრედიტორ(ებ)ის უფლებების დაცვა. ცვლილებებით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია განცხადების შეტანა მოვალის გადახდისუუნარობაზე, ხოლო მოვალეს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ასევე რეაბილიტაციაც. ცვლილებებით დარეგულირდა, აგრეთვე, კრედიტორთა მიერ მოვალის ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის და მოვალისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულებების შეუწყვეტლობის საკითხები.

რაც შეეხება ბიზნესის დაწყების ინდიკატორს - აქამდე დუინგ ბიზნესის გუნდი ცალკე სავალდებულო პროცედურად თვლიდა საბანკო ანგარიშის გახსნას და სარეგისტრაციო თანხის გადახდას; რეფორმის შედეგად სარეგისტრაციო თანხის გადახდა და განაცხადის ჩაბარება ერთ ფანჯარასთან ხდება, ხოლო დუინგ ბიზნესის გუნდთან ჩატარებული განმარტებითი სამუშაოს შედეგად გუნდი დარწმუნდა, რომ საბანკო ანგარიშის გახსნა არ არის ცალკე სავალდებულო პროცედურა, რადგან ბიზნესის რეგისტრაციისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, დუინგ ბიზნესის გუნდმა აღიარა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციას ჭირდება სულ 2 პროცედურა (კომპანიის რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია)

2018 წელს საქართველოს მდგომარეობა უცვლელია გადასახადების გადახდის ინდიკატორში (22-ე ადგილი).

2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ახალი ზელანდია
  2. სინგაპური
  3. დანია
  4. კორეა
  5. ჰონგ-კონგი, ჩინეთი
  6. აშშ
  7. დიდი ბრიტანეთი
  8. ნორვეგია
  9. საქართველო
  10. შვედეთი

საქართველოს 2004 წლიდან მოყოლებული რეიტინგის ათივე ინდიკატორში 47 რეფორმა აქვს განხორციელებული, რითაც რეფორმების გატარების კუთხით რეიტინგის პირველ ოც ქვეყანას შორის ლიდერია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები