ვანო მერაბიშვილის საქმე

სამინისტრო: მერაბიშვილს პირობით გათავისუფლებისათვის განსაზღვრული ვადა არ მოუხდია

Reuters

სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა.

"შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს" - აცხადებს სამინისტრო.

უწყების განმარტებითვე, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

"აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ სამი მეოთხედი.

აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს.

ადგილობრივი საბჭო თვის დასაწყისში მიღებულ შუამდგომლობებს განიხილავს შემდეგი თვის ხუთ რიცხვამდე. საბჭო ყველა შესულ შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს" - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით კი, საქართველოს საკანონმდებლო მექანიზმით, ყოფილ პრემიერს პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლება ეხება. 

ყოფილი პრემიერმინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. 2014 წლის 24 თებერვალს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის აქციის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ამნისტიის კანონის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით. 2014 წლის თებერვალში კი, ქუთაისის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის გარდა, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და ძალაში დატოვა ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ მერაბიშვილს ამნისტიის შესახებ კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 

კომენტარები