არჩევნები 2017

ენმ ცესკოს შემაჯამებელი ოქმების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებული შემაჯამებელ ოქმების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, ცესკომ "ძალიან იდილიურ გარემოში შეაჯამა თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების შედეგები და დაამტკიცა შემაჯამებელი ოქმები". ბიბილაშვილი ამბობს, რომ ეს ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, გამომდინარე იქიდან, რომ მისივე თქმით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი. 

"დღეს, კანონით დადგენილ ვადაში, ჩვენ ვასაჩივრებთ ცესკოს მიერ გუშინ ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ სასამართლოში ამ ოქმების ბათილობას. ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა სხვა ოპოზიციური პარტია იზიარებს ამ შეფასებას, იზიარებს იმას, რომ საქართველოში არ იყო წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტული და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფუნდამენტური და მასიური დარღვევებით,"- ამბობს ბიბილაშვილი. 

მისივე თქმით, ენმ განაგრძობს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას, რომლისა მიზანიცაა "საქართველოში იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო".

კომენტარები