ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროსასამართლო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს, 11:30-ზე გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ავრცელებს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი ზეპირი მოსმენით 8 მარტს განიხილა. იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დარღვეულია ივანე მერაბიშვილის უფლებები. სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებასთან.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა სასამართლომ 14 ივნისის გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

კომენტარები