ტურიზმი

ვიზიტორთა რაოდენობამ 6,400,000-ს გადააჭარბა - ქვეყნები საიდანაც ტურისტული ნაკადი გაიზარდა

flickr.com

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 6.4 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 18.8%-ით მეტია. შსს-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ოქტომბერში საქართველოს საზღვარი 608 000-მა ადამიანმა გადაკვეთა. ქვეყნების მიხედვით, კი ყველაზე მეტი (1.4 მილიონი) ვიზიტორი მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 1.43  მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10.8%;
  2. სომხეთი - 1.38 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15.8%;
  3. რუსეთი - 1.22 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 33%;
  4. თურქეთი - 1.03 მილიონი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 4.1%;
  5. ირანი - 292 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 122%;
  6. უკრაინა - 171 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11.5%;
  7. ისრაელი - 115 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 36%;
  8. საუდის არაბეთი - 54 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 171%;
  9. ყაზახეთი - 51 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%;
  10. პოლონეთი - 50 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 19.5%;

რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი

ამ 6.4 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 3 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის რვა თვეში ტურიზმის სექტორის შემოსავლებმა $1.86 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 27%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. 

სასტუმროების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 1.9 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სასტუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 65.6 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 17.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 12.1 ათასი საწოლია.

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი, სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები