მეგის ქარდავას ექსტრადიცია

ქარდავას უკრაინელი ადვოკატი: შეიძლება, საერთოდაც არ არის მეგის ქარდავა

0 კომენტარი

უკრაინაში დაკავებული ქართველი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქართველოში ექსტრადიციაზე საუბარი არ მიმდინარეობს. 

"ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება განხილული, რაც საქართველოდან საბუთები გამოიგზავნება. ახლა მხოლოდ მის პატიმრობაზეა საუბარი, რადგან ის არ მიიმალოს. ის, თუ რას აკეთებდა საქართველოში, ამაზე არ გვისაუბრია. უკრაინაში კი ის უბრალოდ ცხოვრობდა და არაფერს არღვევდა,"- ამბობს მიხეილ ლოტიცკი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ლოტიცკის თქმით, ქარდავას უკრაინული მხარესთვის ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია და უფრო მეტიც, უკრაინელი სამართალდამცავები დარწმუნებულები არ არიან, დაკავებული ნამდვილად არის თუ არა მეგის ქარდავა, რადგან მისივე თქმით, დაკავებულს თან არცერთი პირადობის მაიდენტიფიცირებელი საბუთი არ ჰქონია. 

"მისი დაკავების ორი ვერსია მაქვს: ოფიციალური ვერსიით, ჩხრეკა მის საცხოვრებელ ბინაში შედგა, არაოფიციალურად კი ის საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, შემდეგ მიიყვანეს ბინაში და ისე დააკავეს. ის, რომ მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა, ტყუილია. საერთოდ არანაირი საბუთი არ ჰქონია. შეიძლება, საერთოდაც არ არის მეგის ქარდავა,"- ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, ქარდავა ამჟამად ქალაქ ივანო ფრანკოვსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

2 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ მათი შუამდგომლობით უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს. მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებების მიხედვით, უკრაინულ მხარესთან ქარდავას ექსტრადიციის საკითხზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები