WhatsApp Business-ის ოფიციალურ ვერსიამდე, Play Store-ში მისი ყალბი ვერსია გავრცელდა

პოპულარული მესენჯერი WhatsApp უახლოეს მომავალში განახლებული ვერსიის WhatsApp Business-ის ჩაშვებას გეგმავდა, რაც ბიზნესმენებსა თუ სხვა მომხმარებლებს უფრო მეტად გაუმარტივებდა კომუნიკაციებს. 

თუმცა, ნამდვილი WhatsApp Business-ის გამოჩენამდე Google-ის Play Store-ში ყალბი აპლიკაცია გამოჩნდა და ის უკვე წარმოუდგენლად ბევრმა ადამიანმა ჩამოტვირთა. 

აპლიკაციის შემქმნელი დეველოპერების გუნდი საკუთარ თავს Whasp. Business Inc.-ს უწოდებს და მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციას არაერთი ცუდი გამოხმაურება აქვს, როგორიცაა მაგალითად "თაღლითი აპლიკაცია" და "მონაცემთა ქურდი", მაინც ყოველ წამს იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყალბ აპლიკაციას იწერენ.

ერთერთი მომხმარებელი წერდა, რომ აპლიკაციაში ავტორიზაცია არ შეეძლო, ხოლო მეორე კი იმაზე წუხდა, რომ აპლიკაცია რეკლამებით იყო სავსე. Twitter-ის მომხმარებლები კი წერენ, რომ მათ აღნიშნული პრობლემებით უკვე მიმართეს Google-ს. 

მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp-ის არაერთი ყალბი ვერსია არსებობს, გაცნობიერებული მომხმარებლებისთვის მაინც ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, თუ რომელია ნამდვილი. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე იმან გაართულა, რომ WhatsApp Business დიდი ხნის წინ დაანონსდა. ამასთან, ის ექსკლუზიური ჯგუფებისთვის არის ხელმისაწვდომი იმისათვის, რომ ოფიციალურად ჩაშვებამდე დატესტონ. 

სანამ ამას კითხულობთ, აპლიკაციის ყალბი ვერსიის გადმოწერა ჯერ ისევ შესაძლებელია, თუმცა დეველოპერებმა უკვე შეცვალეს მისი სახელი და ახლა მას Update WhatsApp უწოდეს. 

კომენტარები