ბავშვთა უფლებები

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები - რეალობა და გამოწვევები

თამთა ნაჭყებია
0 კომენტარი

12 წლის ედულა, შეიძლება ითქვას, რომ მეტროში გაიზარდა. დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან მოწყალებას დედასთან ერთად ითხოვდა. როცა წამოიზარდა, დედამ ჩათვალა, რომ ამას მარტოც შეძლებდა. ედულა დღემდე ყიდის ხატებს და სანთლებს. არ დადის სკოლაში და თითქმის მთელ დღეს მეტროში ატარებს. ამბობს, რომ დღის განმავლობაში 30-დან 40 ლარამდე შოულობს.

ვინც მეტროთი მგზავრობს, ედულას ყველა ხვდება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ მისი ქუჩიდან გაყვანა ვერ შეძლო.

რა თქმა უნდა, ედულა ქუჩაში მომუშავე ერთადერთი არასრულწლოვანი არ არის - აქ სხვა ბავშვებიც მუშაობენ, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიღმა, ქუჩებში.

ზოგს შედარებით უმართლებს. 11 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია), რომელსაც წლების განმავლობაში საბურთალოზე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრის წინ ეძინა, დღეს უკვე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. სოციალური მუშაკები ყვებიან, რომ თავიდან ბიჭი სუპს პეშვით ჭამდა, “არ იცოდა, რა იყო კოვზი და ჩაის რომ უსხამდნენ, თითით ურევდა”.

საქართველოში 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას  მოგვცემდა. 10 წლის წინ ეს რიცხვი, 4 დიდ ქალაქში, 1500-ს აღწევდა. არც სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელსაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა ევალება და არც სტატისტიკის დეპარტამენტს არ აქვს ზუსტი მონაცემები, რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე 908 ბავშვი აღრიცხეს. მათგან სახელმწიფო სერვისებით 215-მა ისარგებლა, ღამის თავშესაფარში ამ დროისთვის 9 ბავშვი იმყოფება, 146 კი დღის ცენტრის სერვისებით სარგებლობს.

ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა იკვლევს და წლის ბოლოს შედეგებსაც გაასაჯაროებს. ორგანიზაცია კვლევაზე იუნისეფის აზერბაიჯანის ოფისთან ერთად მუშაობს, ვინაიდან საქართველოში ქუჩაში მომუშავე ბევრი აზერბაიჯანელი ბავშვიც არის. ისინი მშობლებთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში და უმეტესად აფრიკის დასახლებაში ცხოვრობენ. კვლევის ავტორები ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს არა მხოლოდ რაოდენობრივად აღწერენ, ასევე მათ საჭიროებებს შეისწავლიან.

ომბუდსმენი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებად ეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით”.

ქუჩაში ამ ბავშვების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა - ისინი არ არიან დაცულები ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ხდებიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები, ვერ იღებენ განათლებას და სამედიცინო მომსახურებას.
 

რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს

ფოტო: Unicef

ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2014 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს და ორგანიზაცია კარიტას გეორგიკას ერთობლივი მუშაობის შედეგად მობილური ჯგუფები შეიქმნა, რომლებსაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოგვარება უშუალოდ დაევალათ. მას შემდეგ დღემდე საქართველოში სულ 4 მობილური ჯგუფი მუშაობს, 3 თბილისში და 1 ქუთაისში.

მობილური ჯგუფის გამოძახება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05-ზე დარეკვით არის შესაძლებელი. გამოძახება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ბავშვის ქუჩაში ცხოვრების და მუშაობის მომსწრეა.

თითოეული მობილური ჯგუფი 4 ადამიანისგან შედგება: სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, მძღოლი და თანასწორ-განმანათლებელი. თანასწორ-განმანათლებელი გულისხმობს 18 წლის ან უფროს ადამიანს, რომელიც ბავშვობაში თავად იყო მიუსაფარი და რეაბილიტაციის გზა გაიარა.

ჯგუფს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ისინი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებას ახდენენ, მათთან და მათ მშობლებთან კონტაქტს ამყარებენ და ცდილობენ, ბავშვი სახელმწიფო სერვისებში ჩართონ. სწორედ მობილურ ჯგუფებს ევალებათ ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების გამოვლენა, მათთან ვიზიტები, მათ შესახებ შესულ შეტყობინებებზე რეაგირება და ა. შ. პროგრამა მოიცავს ფსიქოლოგის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიულ ან სტაციონარულ მომსახურებას, ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგებას და სხვა.

სახელმწიფო სერვისებში დღის ცენტრები და თავშესაფრები იგულისხმება. საქართველოში სულ 6 თავშესაფარი არსებობს: 4 თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი - რუსთავში. დღის ცენტრიც, შესაბამისად, 6 - იმავე შენობაში. თავშესაფრები სახელმწიფოსა და ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის ერთობლივი მუშაობით 2014 წელს, მობილური ჯგუფების ჩამოყალიბების პარალელურად შეიქმნა.

ფოტო: ტაბულა

თავშესაფრებში, რომელიც დღის ცენტრებიც არის, ბავშვებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ, ისწავლონ, მიიღონ ფსიქოლოგის მომსახურება. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია ფსიქოთერაპევტიც. მათი კოლაბორაციის შედეგად დგება ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა, რომლითაც შემდგომში 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობენ. 6 თვის შემდეგ კი მიღწეული შედეგის მიხედვით ინდვიდუალური განვითარების გეგმა თავიდან იწერება. თავშესაფარი დროებითი, გარდამავალი ადგილია, სადაც, რეაბილიტაციის გავლის შემდეგ ბავშვები ცხოვრებას მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში აგრძელებენ. თავშესაფარში ბავშვის ცხოვრების მაქსიმალური ვადა 18 თვეა.

საქართველოში 30-ზე მეტი საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს. ეს სახლები 10 არასრულწლოვანზეა გათვლილი - 6-დან 18 წლამდე ბავშვებზე, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება. აქ ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც დიდი ინსტიტუციებიდან, ე.წ ბავშვთა სახლებიდან მათი დახურვის შემდეგ გადმოიყვანეს. 

მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 20 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის - დღეში 17 ლარს.

თუმცა, სახელმწიფო/სოციალური მომსახურების სააგენტო ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვის პროცესში მრავალ სირთულეს აწყდება.

ბავშვის ნდობის მოპოვება

მას შემდეგ, რაც მობილური ჯგუფები ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს გამოავლენენ, ცდილობენ, ბავშვი თავშესაფარში მოიყვანონ. თუმცა, მცდელობა ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი, ირინა წერეთელი ამბობს, რომ მთავარი მომსახურების მიმღები ბავშვის სურვილია.

“გავდივართ ველზე, ვამყარებთ კონტაქტს, ვესაუბრებით. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ თავადაც გვცნობენ და იხსნებიან. ბავშვი თავშესაფარში ერთი შეხვედრის შემდეგ არ მოვა - შეიძლება ამას დიდი დრო დასჭირდეს. მაგალითად, ბიჭთან, რომელიც ახლა გაჩვენეთ, დაახლოებით წელიწადნახევარია ვმუშაობთ და თავშესაფარში რამდენიმე დღის წინ მოვიდა. აბსოლუტურად ყველას ყავს მშობელი. როდესაც გოგონა არის 10-12 წლის და ეკითხები, რატომ ხარ ქუჩაში, გეუბნება, რომ აბა რითი ვიცხოვრო, მაშინ შენ მომეცი ფულიო, სახელმწიფო სერვისებზე კი უარს ამბობენ”.

თუ ბავშვი თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ რეაბილიტაციას სრულად არ გაივლის და “გარბის”, ის კვლავ ქუჩაში ხვდება და ადრინდელ ცხოვრებას უბრუნდება.

“ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და ბავშვი შეიძლება ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდეს, ასევე, თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვი ქუჩაშია, არ არის ნორმალური და რეაგირება მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორი უნდა იყოს რეაგირება, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა განიხილებოდეს. ეს არ არის ძალადობაზე დამყარებული სისტემა, ეს ნებაყოფლობითია. ბავშვთან, ასევე აუცილებლად ოჯახთან უნდა მიდიოდეს მუშაობა. შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ ის მიზეზები, რის გამოც ბავშვი ქუჩაშია”, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე.

რა ხდება, როცა ბავშვი ქუჩაში მუშაობს, მაგრამ მშობელი თავშესაფარში მის გაშვებაზე უარს ამბობს
 

ირინა წერეთელი: “თავდაპირველად მშობელს რამდენჯერმე ვაფრთხილებთ, თუ ის ამას არ გაითვალისწინებს, ვიძახებთ საპატრულო ეკიპაჟს, გამოიწერება ოქმი. ამას მოყვება ის, რომ ბოლოს და ბოლოს, სოციალურ მუშაკს მიყავს ბავშვები.

მშობელს აქვს დრო დაფიქრებისთვის. თუმცა, მაგალითად, ერთ შემთხვევაში, მშობელი არაფერზე არ წამოვიდა, რის გამოც მას ბავშვები ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ყველაფერი არის ინდივიდუალური და სოციალური მუშაკის გადასაწყვეტია იმის მიხედვით, გამოიკვეთა თუ არა ძალადობის ფაქტი, ბავშვი რას ყვება და ა.შ”.

ქუჩაში მომუშავე ბავშვების უმეტესობას მშობელი ჰყავს
 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე თავის 171-ე მუხლის მიხედვით, “არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,- ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”. თუმცა, ამ მუხლით დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ ცალკე სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და მას პროკურატურა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ჭრილში ერთიანად აღრიცხავს. არასრულწლოვნებზე ძალადობის პროკურატურის სტატისტიკა 2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სოციალურ მუშაკს მიენიჭა უფლება, საჭიროების შემთხვევაში ბავშვი აგრესორისგან პოლიციის გარეშე, დამოუკიდებლად განაცალკევოს. თუმცა, კანონის ამოქმედებიდან დღემდე მსგავსი პრაქტიკა არ ყოფილა.

სოციალური მუშაკი ამბობს, რომ მათ პოლიციასთან მსგავს საკითხზე უთანხმოება ჯერ არ მოსვლია. “არის პოლიციელების კატეგორია, რომელიც დატრენინგებულია ამ მიმართულებით, არიან პოლიციელები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩვენ გვენდობიან და გვეუბნებიან, თქვენ რასაც იტყვით, იმას გავაკეთებო. შემთხვევა, რომ სოციალურ მუშაკს პატრული არ დაეთანხმოს, ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან მიმართებაში არ მომხდარა”, - ამბობს ირინა წერეთელი.

მეტრო
 

ფოტო: Wikipedia

მობილურ ჯგუფებს ქალაქის ტერიტორია სამუშაო ერთეულებად აქვთ გადანაწილებული. მუშაობენ თბილისის და ქუთაისის ყველა უბანსა და დასახლებაში. თბილისში მათი უფლებამოსილება მეტროს ტერიტორიაზეც ვრცელდება, სადაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი მუშაობს. თუმცა, თბილისის მეტროში არსებული ვითარება, სხვა საკითხებთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ირინა წერეთელი: “სირთულე ის არის, რომ როცა ქუჩაში ვხვდებით ბავშვს, გვაქვს მასთან გასაუბრების და გაცნობის საშუალება. მეტროში ბაქანზე არიან, გამოდიან და შედიან, მათ გარკვეული თანხის შეგროვების დავალება აქვთ და ჩვენ საერთოდ არ გვიჩერდებიან. უნდობლობის მომენტი აქვთ. ქუჩაში გვხედავენ ხოლმე, რამდენიმე მისვლის შემდეგ გვეჩვევიან, მეტროში ეგ არის ძალიან რთული შესასრულებელი, აქედან გამომდინარე, კომუნიკაციის დამყარება გვიჭირს”.

არც სოციალური მომსახურების სააგენტოს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბავშვების მუშაობის გამოყენების სქემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. წერეთლის თქმით, ისინი დასკვნას, რომ ბავშვებზე ასაკით უფროსი ან არასრულწლოვანი, მაგრამ მათთვის ავტორიტეტული ადამიანი ამუშავებს და კონკრეტული ოდენობის ფულის მიტანას სთხოვს, მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე აკეთებენ. წერეთლის თქმით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ამ საკითხზე არც მათთან და არც პოლიციასთან საუბრობენ.

მეტროში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუდმივად მორიგეობენ. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება მათი უფლებამოსილებაც არის. ბავშვების ძალადობისგან დაცვის რეფერალის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრ თანამშრომელს შესაბამისი უნარ-ჩვევები არ აქვს. რიგ შემთხვევებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არასათანადო მუშაობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც არის საუბარი. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ “რიგ შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ თანამშრომლობს მიუსაფარ ბავშვთა უზრუნველყოფის ფარგლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან”.

მოლდაველი ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები

ფოტო: ტაბულა

სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის განსაკუთრებით რთული მოლდაველ ბოშებთან და აზერბაიჯანელ ქურთებთან მუშაობაა.

ბოშები საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ. თუმცა, მათ დიდ ნაწილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები  არ აქვს. 2008 წლის მონაცემებით, დოკუმენტაცია 1500 მათგანს ჰქონდა. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებით, საქართველოში მცხოვრები ბოშების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა ყოველთვის მიახლოებითია. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლებიც არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, ამ სახლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყალი და სხვა კომუნიკაციები. ბოშა  ბავშვები ხშირად არ ან ვერ დადიან სკოლაში. მარგინალიზებული ჯგუფისთვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი არ არის ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამები და სხვადასხვა სოციალური დახმარებები.

დოკუმენტაციის პრობლემაა აზერბაიჯანელ ქურთებთან დაკავშირებითაც. სოციალური მუშაკი ირინა წერეთელი ამბობს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანში მოწყალების მიღება კანონით იკრძალება, ისინი დაახლოებით 10 წელია, საქართველოში ქუჩაში მუშაობისთვის ჩამოვიდნენ.

სტატისტიკური მონაცემები, რამდენი აზერბაიჯანელი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში ქუჩაში, ჯერჯერობით არ არსებობს. იუნისეფის კვლევაში, რომელიც მაია ქურციკიძის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლოს გამოქვეყნდება, ეს რიცხვებიც იქნება.

ღამის საათების და შაბათ-კვირის პრობლემა

ფოტო: რადიო თავისუფლება

სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი გამოწვევა ღამის საათები და შაბათ-კვირაა, როდესაც მობილური ჯგუფები არ მუშაობენ. ღამის საათებში ქუჩაში მომუშავე ბავშვის დაფიქსირების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისას ოპერატორი გთხოვს, პატრული გამოიძახო, რადგან სოციალური მუშაკები არ მუშაობენ. ანალოგიური ვითარებაა შაბათ-კვირას. ქუჩაში მომუშავე ბავშვები განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში აქტიურობენ - შარდენზე, ახალ აღმაშენებელზე, სოციალური მუშაკები კი მათთან ვერ კონტაქტობენ, რადგან დასვენების დღე აქვთ.

სოციალური მომსახურების სააგენტო ამ პრობლემის აღმოფხვრას მობილური ჯგუფების გაზრდით გეგმავს, თუმცა ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდის შეიცვლება არსებული ვითარება.

ზღვისპირა ქალაქები
 

ზაფხულში, როცა ზღვის სეზონია, მიუსაფარი ბავშვებიც ზღვისპირა ქალაქებში ინაცვლებენ. თუმცა, არც აჭარაში და არც გურიაში სოციალური მომსახურების სააგენტო მიუსაფარი ბავშვების კუთხით არ მუშაობს. არ არის არც ერთი სერვისი, რომლის შეთავაზებაც სახელმწიფოს დედაქალაქში შეუძლია - არც თავშესაფარი, არც მობილური ჯგუფები და ა.შ  

სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები

პრობლემაა სოციალური მუშაკების სამუშაო პირობებიც - ისინი ხშირად ხდებიან აგრესიის, ზოგჯერ კი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები ბენეფიციარების მხრიდან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სოციალური მუშაკების დაბალი ანაზღაურებაა - ის 580 ლარს შეადგენს. ანაზღაურება უცვლელი რჩება, ასევე, როცა საქმე მონიტორინგს ეხება, ხშირად მაშინ, როდესაც ვითარება ადგილზე მისვლით არის შესასწავლი, სოციალური მუშაკები ბენეფიციარებთან მხოლოდ სატელეფონო საუბრით შემოიფარგლებიან, რადგან ვიზიტებზე საკუთარი ხარჯებით დადიან და ხშირად ადგილზე მისვლის საშუალება არ აქვთ.

იუნისეფის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ვითარების გაუმჯობესებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდასთან და სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად სახელმწიფო სისტემა გაძლიერდეს. მისი თქმით, აუცილებელია იმ მიზეზების შესწავლა, რატომ მუშაობენ ბავშვები ქუჩაში და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისად. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დაიძრა

კომენტარები