საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი და ათობით მაღალჩინოსანი დააკავეს

პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი
Reuters

საუდის არაბეთში, ტახტის მემკვიდრის ხელმძღვანელობით, კორუფციის ბრალდებით, პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები მასობრივად დააკავეს.

ახალმა ანტიკორუფციულმა ორგანომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, 11 პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავა. მოულოდნელი წმენდა საუდის არაბეთში მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენციიდან ორიოდე კვირის თავზე მოხდა.

დაკავებულთა შორისაა ალვალიდ ბინ თალალი, მილიარდერი პრინცი, რომელსაც მსხვილი ინვესტიციები აქვს მათ შორის Twitter-სა და Apple-ში, ასევე ფლობს წილებს რუპერტ მერდოკის მედია კორპორაციაში, სითიგრუპ ბანკში, Four Season-ის სასტუმროების ქსელში და სხვა. 

პრინცი ალვალიდ ბინ თალალი
ფოტო: Bloomberg

ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსით, $19 მილიარდის მფლობელი თალალი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 50-ე ადგილზეა. Bloomberg წერს, რომ მისი დაკავება საკვირველია, რადგან მას არაერთხელ საჯაროდ გამოუხატავს მეფისა და ტახტის მემკვიდრის მხარდაჭერა.

BBC-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ასევე არიან:

  • ყოფილი ფინანსთა მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფი, საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიის ბორდის წევრი;
  • ეკონომიკის მინისტრი ადელ ფაკიე;
  • ერ-რიადის ყოფილი გუბერნატორი პრინცი ტურკი ბინ აბდულა;
  • სამეფო კარის ყოფილი ხელმძღვანელი ხალედ ალ-ტუვაიჯრი;
  • ბარკ ბინ ლადენი, Saudi Binladin Group-ის თავმჯდომარე;

Reuters-ის წყაროს ცნობით, ნაწილი დედაქალაქში, რიც კარლტონის სასტუმროში ყავთ დაკავებული.

დაკავებების პარალელურად, მეფე სალმანდმა სახელმწიფო დაცვისა და სამხედრო ფლოტის მეთაურები შეცვალა.

ადგილობრივი პროსამთავრობო მედია მომხდარს კორუფციის პრობლემის მქონე ქვეყნის რეფორმირების უტყუარ ნიშანს უწოდებს, თუმცა ანალიტიკოსები დაკავებებს პრინცის მიერ ძალაუფლების გამყარების სურვილით ხსნიან.

 

 

 

კომენტარები