ტურიზმი

ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში საშუალოდ $777-ს ხარჯავს

flickr.com

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 6.4 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 18.8%-ით მეტია. ამ 6.4 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 3 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

რა თანხას ხარჯავს ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში:

ეროვნული ბანკი ითვლის იმას თუ რას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში. აღნიშნული მდგომარეობით ეროვნულ ბანკს 9 თვის მაჩვენებლები აქვს დათვლილი. სებ-ის მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში საქართველოში მყოფმა უცხოეთის მოქალაქეებმა $2.16 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამ პერიოდში საქართველოში 2.78 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა, შესაბამისად, საშუალო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა $777.4 დოლარია. 

ვიზიტორთა (და არა ტურისტთა) რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 1.43  მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10.8%;
  2. სომხეთი - 1.38 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15.8%;
  3. რუსეთი - 1.22 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 33%;
  4. თურქეთი - 1.03 მილიონი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 4.1%;
  5. ირანი - 292 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 122%;
  6. უკრაინა - 171 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11.5%;
  7. ისრაელი - 115 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 36%;
  8. საუდის არაბეთი - 54 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 171%;
  9. ყაზახეთი - 51 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%;
  10. პოლონეთი - 50 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 19.5%;

სასტუმროების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 1.9 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სასტუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 65.6 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 17.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 12.1 ათასი საწოლია.

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი, სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

 

კომენტარები