ლიბანი

ლიბანის პრემიერმინისტრი გადადგომის მიზეზად მისი მკვლელობის მცდელობას ასახელებს

AFP/getty images

ლიბანის პრემიერმინისტრმა შაბათს საუდის არაბეთიდან გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ თანამდებობას საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტოვებს. საად ჰარირი ჰეზბოლას და მათ ირანელ მხარდამჭერებს გაემიჯნა და განაცხადა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა.

გადადგომისას ჰარირიმ ირანი სხვა ქვეყნების, მათ შორის ლიბანის, შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არსებული კლიმატი 2005 წლის მსგავსია, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი და საად ჰარირის მამა, რაფიკ ჰარირი ააფეთქეს.

ირანულმა მხარემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ჰარირის გადადგომის უკან აშშ და საუდის არაბეთი დგანან.

ლიბანის არმიის და სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით მათ პრემიერის მკვლელობის გეგმის არსებობის არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ.

ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით ჰარირის გადადგომა საუდის არაბეთმა აიძულა. მისი თქმით არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა საად ჰარირი საუდის არაბეთიდან დაბრუნებას, თუმცა მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. ბრალდებას საუდის არაბეთის ოფიციალური პირები უარყოფენ.

საად ჰარირი ლიბანის პრემირმინისტრი 2016 წლის დეკემბერში გახდა. მანამდე მას იგივე თანამდებობა 2009-2011 წლებში ეკავა.

მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ბეირუთში ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ მიიღო.

ლიბანის ამჟამინდელი კოალიციური მთავრობა თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას მოიცავს, მათ შორის ჰეზბოლასაც.

კომენტარები