ერთიანი ეროვნული გამოცდები

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იგეგმება

http://www.schoolintellect.com/

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ცვლილებები ელით. სიახლეები ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილს და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ეხება. 

„ცვლილება ეხება ორ ძირითად გამოცდას. ეს გახლავთ ზოგადი უნარების გამოცდა და გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ანალოგიების ბლოგი ცალკე ბლოკად არ იქნება და გაერთიანებული იქნება წაკითხულის გააზრების ბლოკთან. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მცირედი სიახლეა შემოგვაქვს. არგუმენტირებული ესეის ხვედრითი წილი იზრდება და ნაცვლად მაქსიმალური 20 ქულისა, ესე შეფასდება 24 ქულით,“- ამბობს მიმინოშვილი. 

გამოცდების ცენტრის განმარტებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მაქსიმალური 80 ქულა უცვლელი რჩება, იგივეა  დავალებების ფორმატი. თუმცა, დავალება, რომელიც შეცდომების გასწორებას გულისხმობს, 20 ქულის ნაცვლად 16 ქულით შეფასდება, არგუმენტირებული ესე კი 20 ქულის ნაცვლად 24 ქულით. 

მსგავსი ცვლილებებია ზოგადი უნარების გამოცდაშიც - ტესტში ანალოგიების დავალებაში 12-ის ნაცვლად 8 ამოცანა იქნება, 4 მაგალითი კი ლოგიკურ ნაწილს დაემატება.   

მაია მიმინოშვილის თქმით, იგეგმება მათემატიკის გამოცდის გამარტივებაც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა ამ საგანში მარტივი დავალებების წილი გაიზარდოს. 

“ვფიქრობთ მათემატიკის გამოცდის ოდნავ გამარტივებას. საბოლოო ჯამში, ანალიზი გვაჩვენებს იმას, რომ მათემატიკა, მეტად თუ ნაკლებად, უფრო რთულია აბიტურიენტებისთვის, ვიდრე სხვა საგნები. სხვა საგნებთან შედარებით მათემატიკის საშუალო მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ეს არ ნიშნავს არამც და არამც იმას, რომ მათემატიკის გამოცდა იმდენად მარტივი იქნება, რომ ვეღარ მოვახერხებთ იმის შეფასებას, რის შეფასებასაც ვცდილობთ ამ გამოცდით”,- თქვა მაია მიმინოშვილმა.

კომენტარები