საუდის არაბეთი: ჰეზბოლას აგრესია ლიბანის მხრიდან ომის გამოცხადებას ნიშნავს

სამერ ალ-საბჰანი და საად ჰარირი
Reuters

საუდის არაბეთმა ლიბანი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მხრიდან აგრესია დაასახელა.

საუდის არაბეთის სპარსეთის ყურის საქმეთა მინისტრის, სამირ ალ-საბჰანის თქმით ლიბანის მთავრობას ისე მოექცევიან, როგორც მთავრობას, რომელმაც საუდის არაბეთს ომი გამოუცხადა. მან ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი, საად ჰარირი და მისი ადმინისტრაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა. "არსებობენ ისინიც, ვინც შეაჩერებს [ჰეზბოლას] და აიძულებს მათ დაბრუნდნენ სამხრეთ ლიბანის გამოქვაბულებში" თქვა ალ-საბჰანმა.

მას არ დაუკონკრეტებია რა ქმედებებს განახორციელებს საუდის არაბეთი ლიბანთან მიმართებაში.

მის განცხადებას ლიბანის მთავრობის მხრიდან გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია.

ამავე დროს, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდერემ, მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ ირანის მიერ იემენში მეამბოხეებისათვის რაკეტების მიწოდება პირდაპირ სამხედრო აგრესიად აღიქმება და სამეფოს წინააღმდეგ ომის წარმოებას უტოლდება.

საუდის არაბეთის საჰარო თავდაცვის ძალებმა შაბათს იემენიდან ირანის მიერ მხადრაჭერილი ჰუსიტი მილიციის მიერ რიადის მიმართულებით გასროლილი რაკეტა ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის პრემიერმინისტრმა შაბათს საუდის არაბეთიდან გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ თანამდებობას საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტოვებს. საად ჰარირიმ განაცხადა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ჰეზბოლა და მათი ირანელი მხარდამჭერები დაადანაშაულა.

ამჟამად საად ჰარირი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდს ხვდება.

კომენტარები