გიორგი ონიანის საქმე

კახიძე: ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რომ გოგა ონიანი გათავისუფლდეს

ტაბულა

„ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი“ - ევროპულს საქართველოში ენმ-ის წევრის გოგა ონიანისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურებიან. ოთარ კახიძის თქმით, ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

"საქმის მთავარი მოწმე ღიად საუბრობდა, რომ პროკურატურა მასზე ახორციელებდა ზეწოლას. ეს საქმე მტკიცებულებების თვალსაზრისითაც არის უსუსტესი საქმე. მთავარი რატომაც ხელისუფლება წავიდა ამდენ აშკარა უკანონობაზე და მორიგ პოლიტიკურ დევნაზე, არის ის, რომ საქმის საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი და ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას , რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება სამაგალითოდ დაისჯება. ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი, ამჯერად საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რომ გოგა ონიანი გათავისუფლდეს. ჩვენ ვიმუშავებთსაერთაშორისო პარტნიორებთან, რომ გაიხარდოს წნეხი და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მორიგი აშკარა უკანონობა არ შერჩეს დღევანდელ ხელისუფლებას."- ამბობს კახიძე. 

ოთარ კახიძე შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ ოპონენტებზე შირუსძიებას.

"ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის თავზე ივანიშვილი კვლავ განაგრძობს ოპონენტებზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და შურისძიებას. ამჯერად მათი სამიზნე გახლვათ ადვოკატი და პოლიტიკოსი გოგა ონიანი, რომელიც „ამხილეს“ წლების წინ, ვითომ და ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე. ამდენი წლის განმავლობაში, ჩადების ამდენ გახმაურებულ შემთხვევაზე, მხოლოდამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით, ონიანის თანამზრახველი პოლიციელებს, რომლებიც ხელისულფების ვერსიის თანახმად, ასევე მონაწილეობდნენ საქმეში, მათ ბრალია არ წაუყენეს, არ დაისაჯნენ, განრიდება გაუკეთეს და სისტემაში დატოვეს, რითაც ე.წ სამართლის შერჩევითობა არის ყველასთვის თვალნათელი." - თქვა კახიძემ.

ადვოკატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვით, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის. 

 

კომენტარები