აშშ-საქართველო

ამერიკულმა მხარემ შსს-ს კიდევ 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა

შსს

შსს-ს თანამშრომლებმა აშშ-ში ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე სწავლება გაიარეს. სამინისტროს ინფორმაციით, კინოლოგიურ პროექტ K9-ს ფარგლებში, შსს-ს კიდევ 6 სამომსახურეო ძაღლი გადაეცა.

კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. 

კინოლოგიური სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ.

პროექტი K9 მიზნად ისახავს ნარკოტიკების და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას და ის 2013 წლიდან, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით ხორციელდება.

"პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. პროექტის ფარგლებში, ოპერატიულ ჯგუფს პირველ ეტაპზე უკვე გადაეცა 10 სამომსახურეო ძაღლი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დროებითი ვოლიერები აშენდა" - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები