საქართველოს საპატრიარქო

საქველმოქმედო ფონდმა ილია ჭავჭავაძის პრემია ილია II-ს მიანიჭა

საქართველოს საპატრიარქო

გუშინ, საქართველოს საპატრიარქოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე, წმიდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია "საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის". ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.

ღონისძიებაზე სიტყვით პატრიარქიც გამოვიდა.

"წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია...

ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა" - თქვა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ.

"მათი მიზანი იყო, მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს" - თქვა პატრიარქმა.

კომენტარები