სექსუალური შევიწროება

Facebook-ის ფუნქცია - როგორ დავიცვათ თავი შურისძიების მიზნით Nude ფოტოების გავრცელებისგან

Getty Images

Facebook თავის მომხმარებლებს სთხოვს, სანამ საკუთარ შიშველ ფოტოებს პარტნიორს ან მეგობარს გაუზიარებენ, ისინი სოციალური ქსელის ადმინისტრაციას გაუგზავნონ. თუ ამას გააკეთებთ და ითხოვთ, რომ არ გსურთ ამ ფოტოების თქვენი ნებართვის გარეშე გამოქვეყნება, Facebook მათი სხვა პირის მიერ გავრცელების ყველა მცდელობას დაბლოკავს. ამ გზით, სოციალური ქსელი ცდილობს, ყოფილი შეყვარებულების, ქმრების თუ მეგობრების შურისძიებისგან დაგიცვათ.

Facebook ახალი ფუნქციის საპილოტე ვერსიას ავსტრალიაში სამთავრობოო უწყებებთან პარტნიორობით უშვებს. ინტერნეტ უსაფრთხოების კომისარი ავსტრალიაში, ჯულია ინმან გრანტი, აცხადებს, რომ ახალი ინიციატივით მომხმარებლებს ფოტოებით სექსუალური შევიწროებისგან დაიცავენ.

"მომხმარებლები თავის დაცვას უკვე ფოტოების გამოქვეყნებამდე შეძლებენ და არა გამოქვეყნების შემდეგ“ - აცხადებს გრანტი.

ფუნქციის გამოყენება ძალიან მარტივია. მომხმარებელს შეუძლია, თავის თავთანვე წამოიწყოს ჩატი, შიშველი ფოტო იქ გაგზავნოს და მოითხოვოს, რომ ის უნებართვოდ არ გამოქვეყნდეს. Facebook პასუხისმგებლობას ინსტაგრამის და მესენჯერის სახელითაც იღებს და მომხმარებლებს მაქსიმალურ დაცვას ჰპირდება. სოციალური ქსელი მზად არის, სპეციალური გუნდიც კი შექმნას, რომელიც მსგავს შემთხვევებზე იმუშავებს და შეტყობინებებს მიიღებს.

2016 წლის Data&Society-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ აშშ-ში შურისმაძიებელი პორნოს მსხვერპლი ფეისბუქ მომხმარებლების 4% გახდა. მსოფლიო მასშტაბებით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება.

კომენტარები