ოჯახში ძალადობა

სისტემატური ძალადობა 17 წლის შვილზე - მამის მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ანა სუბელიანმა გუშინ საღამოს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 17 წლის მოზარდზე მამამ ფიზიკურად იძალადა, მსხვერპლი კი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სუბელიანმა ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოზარდზე როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და უფრო მეტიც, მამა ცოლსა და მეორე შვილზეც ძალადობდა. 

"ეს იყო ოჯახში ძალადობის კლასიკური შემთხვევა. ამ შემთხვევაში მამა წლების განმავლობაში ძალადობს 17 წლის მოზარდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. თანაც არამარტო ამ გოგონაზე, არამედ თავის მეუღლეზეც და მეორე შვილზეც. თუმცა, ოჯახიდან მხოლოდ ამ გოგოს აღმოაჩნდა იმის სურვილი და გამბედაობა, რომ შეცვალოს ეს რეალობა. დედა და ძმა მას მხარს არ უჭერენ ამ ბრძოლაში," - ამბობს ანა სუბელიანი. 

მისივე თქმით, 17 წლის მოზარდმა ის Facebook-ზე რამდენიმე თვის წინ დაამატა და მოუყვა, თუ რა ძალადობას ჰქონდა ადგილი წლების მანძილზე. 

"მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როცა 14 წლის ასაკში მამამ ძალით წაიყვანა კაც გინეკოლოგთან ქალწულობის დასადგენად. ეს საკმაოდ ტრავმული გამოცდილება იყო ბავშვისთვის. ამის გარდა, არაერთხელ სასტიკად უცემია ისიც და ბავშვის დედაც. ბიჭ შვილს არ სცემს იმ არგუმენტით, რომ "კაცს მეტის უფლება აქვს და მასთან გაუგებრობებსაც სხვაგვარად მოაგვარებს,"- ყვება სუბელიანი. 

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მოზარდს სახლიდან გასვლის საშუალება არ ჰქონდა, ის მასთან შეხვედრას ვერ ახერხებდა და კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ჰქონდათ. 

"ვცდილობდი, რომ გამეძლიერებინა და რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებამდე მივსულიყავით. სტრატეგია დაგვეგეგმა, როგორ უნდა გვემოქმედა. მხოლოდ ერთხელ შევძელით შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად ავუხსენი ყველა ის პროცედურა, რომლის გავლაც პოლიციის გამოძახების შემთხვევაში მოუწევდა და ასევე, განვიხილეთ მოვლენების შესაძლო განვითარებები, რათა ყველაფრისთვის მზად ყოფილიყო და ეს პროცესი დამატებითი სტრესის საფუძველი არ გამხდარიყო". 

სუბელიანი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გაჩნდა ფიზიკური საფრთხის რისკი, რადგან მოზარდს მამა ცემით ემუქრებოდა და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მუქარა საფრთხის შემცველი იყო.  

"შესაბამისად, ამ მუქარამ დააშინა და უფრო მეტად დააჩქარებინა ამ ნაბიჯის გადადგმა. გადავწყვიტეთ, რომ თუკი სიტუაცია გამწვავდებოდა, მაშინვე გამოვიძახებდით პოლიციას და ბოლო 2 კვირა სრულ მზადყოფნაში ვიყავი. გუშინწინ მომწერა, რომ მამამ ცხვირში დაარტყა, ძალიან ტკიოდა, თავიც ტკიოდა და პირღებინებაც ჰქონდა. მეუბნებოდა, რომ ძალიან ცუდად იყო და იმ სახლიდან წაყვანას მთხოვდა. ეგრევე გამოვიძახე სასწრაფო, პოლიცია და ყველანი ერთდროულად მივედით ამ ოჯახში,"- ამბობს ანა სუბელიანი. 

როგორც თავად ყვება, მოზარდის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაზიანება ზედაპირულ დაზიანებად კვალიფიცირდება, რადგან მოტეხილობა არ ჰქონია, ფიზიკური ძალადობის კვალი აშკარა იყო. ამასთან, მოზარდს "მაღალი წნევა და ფსიქოსომატური ნიშნები ჰქონდა, კანკალებდა და ტიროდა".

სუბელიანი ყვება, რომ როდესაც პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად ოჯახში მივიდა, მამა სახლიდან უკვე გაქცეული იყო, ოჯახის წევრები და მეზობლები კი შეთანხმებულები იყვნენ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, მამამ შვილს შემთხვევით მოარტყა სანთებელა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მომხდარი დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

სუბელიანი აღნიშნავს, რომ გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილების პოლიციელები ძალიან სწორად მოქმედებდნენ. 

"კი ჰქონდათ რაღაც შეცდომები, შეიძლება, უფრო მაღალ სტანდარტსაც ვითხოვ, მაგრამ მთლიანობაში მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოზარდი იყო ერთადერთი, რომელიც ამ ყველაფერზე საუბრობდა და ყველა სხვა უარყოფდა, მაინც მაქსიმალურად იყვნენ განწყობილები, რომ ეს მოზარდი დაეცვათ და არ აძლევდნენ ოჯახის წევრებს მასზე გავლენის მოხდენის საშუალებას,"- ამბობს ის. 

ანა სუბელიანის ცნობით, 17 წლის მოზარდი ამჟამად უსაფრთხო გარემოში იმყოფება. 

"რაიმდენიმე დღეში ერთერთ რეგიონში იგეგმება საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მისი განთავსება, სადაც ძალიან კარგად იგრძნობს თავს. 18 წლამდე მას ცოტა უკლია, მაგრამ ჯერ მაინც არ გამოუშვებენ, სანამ სკოლას არ დაამთავრებს (მისი საბუთები იმ სკოლაში გადავა) და მე დავეხმარები, რომ მოვამზადო იმისთვის, რომ როცა სრულწლოვანი გახდება, დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება,"- ამბობს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის წარმომადგენელი. 

კომენტარები