მშენებლობები თბილისში

კალაძე: სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია

ენერგეტიკის სამინისტრო

თბილისის არჩეული მერის კახა კალაძის თქმით, მშენებლობაზე რეგულაციების გამკაცრება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რადგან ის ადამიანის უსაფრთხოებას უკავშირდება. კალაძემ დეველოპერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში გარკვეული ცვლილებები შედის.

"დეველოპერებიც თანხმდებიან და მხარს გვიჭერენ, რომ ახალი შენობა-ნაგებობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი, რაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ, წარმოვადგენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას და დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს იერ-სახის ნაწილში, მომდევნო წლების განმავლობაში შეიცვლება“, - თქვა კალაძემ.

თბილისის არჩეული მერის თქმით, რეგულაციები, ძირითადად, ახალ მშენებლობებს შეეხება, გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა არ აქვთ აღებული, თუმცა მომზადებული აქვთ განაშენიანების რეგულირების გეგმა. 

"რაც შეეხება მიშენებებს, ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ კერძო საკუთრებას არ შევეხებით“, - აღნიშნა მან.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ დაუსრულებელი მშენებლობები ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა.

“რამდენიმე კომპანიაა არსებობს, რომლებიც ფლობენ მსგავს შენობა-ნაგებობებს. მათ შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ავანსი ჰქონდათ გადახდილი, სერიოზული ზიანი მიადგათ. მუშაობა ამ საკითხზეც დაიწყება და შემუშავდება ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების
წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.

კომენტარები