ლიბანი

საუდის არაბეთმა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისაკენ მოუწოდა

სამერ ალ-საბჰანი და საად ჰარირი
Reuters

საუდის არაბეთმა და მისმა მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნებმა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის ტერიტორიის დატოვებისაკენ და ლიბანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდეს.

"ლიბანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სამეფომ სთხოვა მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ან ცხოვრობენ ლიბანში, რომ დატოვონ ქვეყანა რაც შეიძლება მალე. ჩვენ ასევე ვურჩევთ ჩვენს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისაგან." ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავსი განცხადება გამოსცა. ქუვეითის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს თქმით ქვეყანა საუდის არაბეთის ნაბიჯებს მიჰყვება და ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ ლიბანი.

ქუვეითთან ერთად საუდის არაბეთს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც შეუერთდა.

ყურის ქვეყნების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება ბოლო დროს ლიბანში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. გასულ კვირას ლიბანის პრემიერ მინისტრმა საუდის არაბეთიდან გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ თანამდებობას საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტოვებს. საად ჰარირიმ განაცხადა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ჰეზბოლა და მათი ირანელი მხარდამჭერები დაადანაშაულა.

შედეგად, საუდის არაბეთმა ლიბანი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მხრიდან აგრესია დაასახელა.

საუდის არაბეთის სპარსეთის ყურის საქმეთა მინისტრის, სამირ ალ-საბჰანის თქმით ლიბანის მთავრობას ისე მოექცევიან, როგორც მთავრობას, რომელმაც საუდის არაბეთს ომი გამოუცხადა. მან ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი, საად ჰარირი და მისი ადმინისტრაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა. "არსებობენ ისინიც, ვინც შეაჩერებს [ჰეზბოლას] და აიძულებს მათ დაბრუნდნენ სამხრეთ ლიბანის გამოქვაბულებში" თქვა ალ-საბჰანმა.

მას არ დაუკონკრეტებია რა ქმედებებს განახორციელებს საუდის არაბეთი ლიბანთან მიმართებაში.

კომენტარები