სოფლის მეურნეობა

იტალიის ელჩი: მიწების გაყიდვის აკრძალვა ინვესტორისთვის კარგი სიგნალი არაა

0 კომენტარი

იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალი არაა. ბარტოლის თქმით, აუცილებელია პარლამენტმა ამ საკითხის დასარეგულირებლად რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ორგანული კანონი, რათა ინვესტორებს ნათელი სურათი ჰქონდეთ.

როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას უკრძალავს?

"სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებაზე მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამიტომაც პარლამენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს ორგანული კანონი, რათა ინვესტორებს ნათელი სურათი ჰქოდნეთ.

გასაგებია ამ ტიპის რეგულაციის შემოღება, რომელიც ზღუდავს და კრძალავს მიწის ფლობას უცხოელებისთვის, თუმცა ეს ინვესტორისთვის კარგი სიგნალი არაა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ამ აკრძალვას მოჰყვეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განმარტავს მიწის გრძელვადიანი იჯარით აღების წესებს. მაგალითად, მე ვარ ინვესტორი და მე მიკრძალავენ მიწის ფლობას, მაგრამ მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ საქმიანობის გაგრძელებისთვის 50 ან 99 წლით შემეძლოს მიწის იჯარით აღება - ეს ფუნდამენტური საკითხია",- ამბობს ბარტოლი.

კითხვაზე თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დადგება დღის წესრიგში, იქნება თუ არა მიწების ფლობის აკრძალვა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ბარტოლი ამბობს:

"უხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის აკრძალვამ შესაძლოა, ამ მხრივ გარკვეული სირთულეები მართლაც შექმნას, თუმცა ცხადია აღნიშნული საკითხი კონსტიტუციონალისტებმა და სამართლის სპეციალისტებმა უკეთ იციან. დღეის მდგომარეობით კი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ აკრძალვის ეკონომიკური ასპექტები",- ამბობს ბარტოლი.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კონსტიტუციის მეცხრამეტე მუხლში წერია:

მუხლი 19 (მეოთხე ნაწილი)

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით," - სწორედ ამ ორგანული კანონის მიღებაზე საუბრობს იტალიის ელჩი.

კონსტიტუციის მიღებამდე კი ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა მორატორიუმი, რომლითაც უცხოელებს მიწის შესყიდვა აეკრძალათ. აკრძალვის თავდაპირველმა ვარიანტმა საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. აღნიშნულმა აკრძალვამ კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი გამოიღო, რაზეც მის შემქნელ კანონმდებლებს რეგულაციის მიღების დროს არ უფიქრიათ, ის კომერციულ ბანკებს სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტებას უზღუდავდა.

საქმე იმაშია, რომ აკრძალვა ვრცელდება უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან კომერციული ბანკებიც, რომლებსაც პარლამენტმა მორატორიუმის პირველი ვერსიით სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აუკრძალა. მიწის ფლობის აკრძალვით კი კომერციულ ბანს უფლება წაერთვათ გამხდარიყო გადაუხდელი კრედიტის შედეგად სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწის მფლობელი, ეს კი საერთოდ კრედიტის გაცემას აზრს უკარგავდა.

მთავრობამ აღნიშნული სამართლებრივი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სექტემბერში მორატორიუმში ცვლილება შეიტანა, რითიც უცხოელთა მფლობელობაში არსებულ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის უფლება მიეცათ. თუმცა ეს მოხდა იმ დათქმით, რომ ბანკები აღნიშნულ მიწას საქართველოს მოქალაქეზე გაასხვისებდნენ.

რა ვითარებაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში:

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე ნელა მზარდი დარგია, 2017 წლის მეორე კვარტალში სექტორში ზრდის ნაცვლად შემცირება დაფიქსირდა და მან მინუს 2.4% შეადგინა. სოფლის მეურნეობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მრივაც ბოლო ადგილზეა, 2016 წლის განმავლობაში სექტორში მხოლოდ $9.9 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც ინვესტიციების მხოლოდ 0.6%-ია. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი -85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. 

ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის აკრძალვით ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვის ტემპიც შეიძლება შემცირდეს.

ეს ქართული ოცნების მიერ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ბოლო ორ თვეში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოვავლინეთ

კომენტარები