საუდის არაბეთი-საფრანგეთი

ემანუელ მაკრონი საუდის არაბეთს ეწვია და ტახტის მემკვიდრესთან ლიბანზე ისაუბრა

AFP/Getty images

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ საუდის არაბეთს ეწვია. გადაწყვეტილების შესახებ მაკრონმა აბუ-დაბიში ლუვრის მუზეუმის გახსნის შემდეგ განახცადა.

მაკრონმა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ლიბანში მიმდინარე მოვლენებზე და იემენის კრიზისზე ისაუბრეს.

მაკრონი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანსაც შეხვდა და მასთან საუბრისას ლიბანში სტაბილურობისა და ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ჩემი სურვილია, რომ ლიბანელმა ოფიციალურმა პირებმა თავისუფლად იცხოვრონ ლიბანში" თქვა მაკრონმა.

ვიზიტამდე გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა, რომ საუდის არაბეთის მხრიდან ირანის მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებები მოისმინა და რომ ეს განცხადებები მის პირად მოსაზრებებს არ ემთხვევა. "მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ ყველასთან" თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით მას ლიბანის გადამდგარ პრემიერ მინისტრთან, საად ჰარირისთან არაფორმალური კონტაქტი ჰქონდა.

საად ჰარირის, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუდის არაბეთის ტელევიზიით ისაუბრა, საჯარო განცხადება აღარ გაუკეთებია, თუმცა მისი ოფისის თქმით ის რიადში უცხოელ დიპლომატებს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ საად ჰარირის თქმით მისი მკვლელობა იგეგმებოდა და მან ჰეზბოლა და მათი ირანელი მხარდამჭერები დაადანაშაულა.

შედეგად, საუდის არაბეთმა ლიბანი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მხრიდან აგრესია დაასახელა.

საუდის არაბეთის სპარსეთის ყურის საქმეთა მინისტრის, სამირ ალ-საბჰანის თქმით ლიბანის მთავრობას ისე მოექცევიან, როგორც მთავრობას, რომელმაც საუდის არაბეთს ომი გამოუცხადა. მან ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი, საად ჰარირი და მისი ადმინისტრაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა. "არსებობენ ისინიც, ვინც შეაჩერებს [ჰეზბოლას] და აიძულებს მათ დაბრუნდნენ სამხრეთ ლიბანის გამოქვაბულებში" თქვა ალ-საბჰანმა.

მას არ დაუკონკრეტებია რა ქმედებებს განახორციელებს საუდის არაბეთი ლიბანთან მიმართებაში.

გუშინ საუდის არაბეთის, ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს და საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისაკენ და ლიბანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდეს.

კომენტარები