შსს ქართული საიტების მიერ ფარულად კრიპტოვალუტის გამომუშავების საკითხს სწავლობს

Reuters

ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განუცხადა, რომ შსს ქართული ვებგვერდების მიერ მომხმარებლისგან ფარულად კრიპტოვალუტის გამომუშავების შემთხვევების კანონიერებას სწავლობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს უშუალოდ საქმის აღძვრას არ ნიშნავს და ამ დროს მხოლოდ ქმედების კანონიერების შეფასება ხდება.

"ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა. მუხლი არ არის ჯერ კვალიფიცირებული, შესწავლა დაიწყო ჯერ მხოლოდ, ანუ შესწავლის შედეგად თუ გამოვლინდება რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული შემდეგ უკვე მუხლიც იქნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის შესწავლა", - ამბობს პერტაია.

მსოფლიოში "ფარული მაინინგის" ბუმია

მსოფლიოში "ფარული მაინინგის" ბუმი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მას ტერმინ cryptojacking-ით მოიხსენიებენ. ვებგვერდები JavaScript Miner-ის კოდით მომხმარებელთა პროცესორებს კრიპტოვალუტის (სავარაუდოდ Monero-ს) გამომუშავებას აიძულებენ. რამდენიმე დღის წინ გამოაშკარავდა, რომ ამით რამდენიმე ქართული ვებგვერდიც იყო დაკავებული.

უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანია AdGuard-ის ანგარიშის მიხედვით, "ფარული მაინინგი" გასული თვის განმავლობაში დაახლოებით 500 მილიონ კლიკზე დაფიქსირდა. "ფარული მაინინგის" 19% აშშ-ზე, 13.4% ინდოეთზე, 12.4% რუსეთზე, 8% კი ბრაზილიაზე მოდის. ამავე ანგარიშის მიხედვით, "ფარული მაინინგის" 22% მოდის ონლაინ სტრიმინგ კომპანიებზე, ამ ვებგვერდების მომხმარებლები კონტენტის სპეციფიკიდან გამომდინარე საიტზე დიდ ხანს რჩებიან, რაც "ფარული მაინინგისთვის" ყველაზე კარგ პირობებს ქმნის. cryptojacking-ის 17% მოდის ფაილების დაშეარების სისტემებზე (მაგალითად Torrent გვერდებზე), 10% - პორნო საიტებზე, 7% კი, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო საიტებზე. 

Wired-ის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში კომპანია Coinhive-მა შექმნა კოდი, რომლითაც ინტერნეტ ბრაუზერს კრიპტოვალუტა Monero-ს გამომუშავება შეუძლია. აღნიშნული JavaScript Miner-ის კოდის ვებგვერდის კოდში ჩაემბედება კი, ვებგვერდების დეველოპერებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რის გამოც აღნიშნული კოდი სწრაფად გავრცელდა. 

The Verge-ის ინფორმაციით, 26 სექტემბერს Monero-ს მაინინგის კოდი აღმოაჩინეს ცნობილი ტელეარხის ShowTime-ის ვებგვერდზე. კოდი არხის გასართობი შოუს სტრიმინგ გვერდზე იყო ჩასმული. შოუს მაყურებელთა კომპიუტერები კომპანიისთვის Monero-ს მოიპოვებდნენ.

Monero-ს მაინინგის კოდი იპოვეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პირატულ ვებგვერდზეც - The Pirate Bay-ზე, ამის გამო, კომპანიამ ბოდიშიც მოიხადა.

კომენტარები