საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

კახა შენგელია: იმის ნაცვლად, ფაჩულია მორგებოდა გუნდს, ითხოვდა, ყველა მას მორგებოდა

metronome.ge

კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია "აიპრესს" საქართველოს საკალათბურთო ნაკრებზე, ევრობასკეტზე მათ თამაშსა და ზაზა ფაჩულიაზე ესაუბრა.

"ამხელა მოთამაშეები ნაკრებიდან ასე არ მიდიან. ნაკრების კაპიტანი მესამე მწვრთნელით არ უნდა ელაპარაკებოდეს მთავარ მწვრთნელს ევროპის ჩემპიონატზე და თან ულტიმატუმებით. ჯერ მაგაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი ამ ფედერაციას, რომ ასეთი სიტუაცია იყო იქ.

რატომ მოიგო კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატი? იმიტომ, რომ წამყვანი მოთამაშე დასვა, რომელიც იმ მომენტისთვის ნაკრებისთვის წაგებიანად ჩათვალა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს. ფაჩულია რაღაც მომენტში სკამზე რომ მჯდარიყო, მოვიგებდით თამაშებს, ამის წინაპირობა არსებობდა. ეს წინა ტურნირებმაც აჩვენა, სადაც ზაზას არ უთამაშია. ამის შემდეგ ჩამოდის ფაჩულია და თურმე ყველა უნდა გადაწყობილიყო მასზე. ფაჩულიაზე ეწყობოდა გუნდი.

იმის ნაცვლად, რომ ზაზა მორგებოდა გუნდს, რომელსაც უკვე მოგებული ჰქონდა თამაშები ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის ნაკრებებთან და მოიგო აკროპოლისის თასი, პირიქით ითხოვდა, ყველა მის თამაშს უნდა მორგებოდა.

განცხადებები გაკეთდა ზაზა ფაჩულიას მხრიდან, რომ მარტო ჯიგარი აქვთ ქართველ კალათბურთელებს. გემახსოვრებათ ეს ინტერივიუ და თურმე ამის ხარჯზე თამაშობენ და ყველაფერი ამან იცის მარტო, მაგით შეიძლება მოატყუოს დამწყები გულშემატკივარი.

ზაზა როგორ ხელში აყვანილი მოიყვანეს გუნდში კაპიტნად, კარგად მახსოვს, ასევე მინდოდა ხელში აყვანილი ყოფილიყო ჩემს მეხსიერებაში. სამწუხაროდ, ასე ვერ მოიქცა. ის ერევა პროცესებში და ყველაფერზე ამბობს, "არ ვიცი". ყველაფერში ერევა. მაშინ მე იძულებული გავხდები დანარჩენი ნაკრები ჩაერიოს და ვნახოთ, ფაჩულია თუ დანარჩენი ნაკრები."-უთხრა კახა შენგელიამ "აიპრესს".

კომენტარები