არჩევნები 2017

საკრებულოს ტყემალაძე უხელმძღვანელებს, ცნობილია სხვა თანამდებობების კანდიდატებიც

0 კომენტარი
ფოტო: timer.ge

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის, პირველ მოადგილედ - გიორგი ახვლედიანის, ხოლო მოადგილეებად - მარიკა დარჩიას და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურებია წარდგენილი.

ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. კანდიდატურებს სწორედ ამ სხდომაზე დაამტკიცებენ.
 
გარდა ამისა, პარტია ავრცელებს ინფორმაციას საკრებულოს სხვა თანამდებობების კანდიდატების შესახებაც. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეების - ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.
 
რაც შეეხება კომისიებს, პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება. 

"ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ:

  • სარევიზიო კომისია - რიმა ბერაძე;
  • იურიდიული საკითხთა კომისია - ლევან ჟორჟოლიანი;
  • ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - გიორგი ბირბიჩაძე;
  • განათლებისა და კულტურის კომისია - თამარ ტალიაშვილი;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე;
  • ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას; 
  • გარემოს დაცვის კომისია - ერეკლე კუხიანიძე;
  • ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ზარქუა;
  • ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ოთარ გრიგოლია;
  • სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თინათინ ნიბლოშვილი;
  • მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია - ანა ლაშხი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები