არჩევნები 2017

ხვალ, 12 ნოემბერს რამდენიმე ქალაქსა და თემში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

OSCE

ხვალ, 12 ნოემბერს, ქუთაისის, ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურში სხვადასხვა საარჩევნო ოლქში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

"არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი. ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა. ხვალ, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად", - აცხადებს ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის შესაბამისად იქნება ადაპტირებული.

ანა მიქელაძე ამბობს, რომ 12 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ასევე სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს აკრედიტაციის ვადა გაუგრძელა.

"ადგილობრივმა, საერთაშორისო რეგისტრირებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და აკრედიტებულმა მედია საშუალებებმა მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე დამატებითი დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების სიები წარმოადგინეს. 12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელია. რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს: დაკვირვების უფლების მქონე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელია რეგისტრირებული, ასევე, მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელი", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძის განცხადებით, ხვალ, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51, 12 ნოემბერს დილის 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე იმუშავებს. იმუშავებს ონლაინ ჩატიც.

"მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ, დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ.

შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 12 ნოემბერს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, მეორე ტური ქუთაისსა და მარტვილში გაიმართება ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატებს შორის. ხაშურსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის, ყაზბეგში ქართული ოცნების და დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატებს შორის, ხოლო ბორჯომში - ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს შორის.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიუხედავად, ენმ-ის კანდიდატი ბიულეტინში დაფიქსირებული იქნება.

კომენტარები