ედუარდ შევარდნაძე

გამოფენა შევარდნაძის ფოტოს გარეშე მთავრობის ორგანიზებული იყო

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პრემიერმინისტრი

გამოფენა, რომელიც ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებით გაიმართა და რომელმაც ედუარდ შევარდნაძის ოჯახის უკმაყოფილება გამოიწვია, საქართველოს მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული და მისი ორგანიზების პროცესში გერმანიის საელჩო ჩართული არ ყოფილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ადასტურებს. 

"გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე ფაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული. მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ევროპის მოედანზე 9 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა და "გულისტიკივილი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა". 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალიური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის", - ეწერა შევარდნაძის ოჯახის განცხადებაში. 

მათი მიმართვის ობიექტი საქართველოში გერმანიის საელჩო იყო. 

ექსპრეზიდენტის შვილიშვილების აზრით, ეს ფაქტი "როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს" და გერმანიის ელჩს რამდენიმე ფაქტი შეახსენეს. 

ფაქტზე, რომ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოები წარმოდგენილი არ ყოფილა, გიორგი კვირიკაშვილმა გაკვირვება გამოთქვა.

"მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია", - თქვა კვირიკაშვილმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები