საკადრო ცვლილებები

ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის და გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება

ipress; ტაბულა

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობებით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. 

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები ერთ საათზე მეტია, შეიკრიბნენ. არსებული ცნობებით, საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მოგვიანებით ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია იმედსაც დაუდასტურა, რომ მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები მზადდება.  

პირველი არხის მიერ გავრცელებული არაოფიციალური ცნობების მიხედვით, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შესაძლოა კვლავ ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბაროს, ამასთან ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება. ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი, გიორგი გახარია კი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნება. 

პირველი არხის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იგეგმება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებაც, რაც, საბოლოო ჯამში, 18 სამინისტროს 13 სამინისტრომდე შეკვეცს.

მათ შორის, მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი და ამ გაერთიანებულ ეკონომიკურ ბლოკს სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით კი, თანამდებობას ტოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში, ვიქტორ დოლიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახი კახიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. 

ამასთან, პირველი არხის ცნობით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები კი უწყებებს შეიცვლიან.

კომენტარები