ირაკლი კობახიძე მთავრობაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ადასტურებს

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. ირაკლი კობახიძის თქმით, დეტალები კონსულტაციებზე ზუსტდება, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ამ ცვლილებების შემდეგ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. 

„კონსულტაციები გვქონდა, შეგვიძლია დავადასტუროთ. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და ასევე პერსონალური ცვლილებები მთავრობაში. რაც შეეხება დეტალებს, უკვე დაანონსდა, რომ ხვალ ექნება პრემიერს ბრიფინგი. პრემიერის პრეროგატივაა ამ ინიციატივის წარდგენა საზოგადოებისთვის,“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს. 

ინფორმაცია, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა. კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, წაიკითხეთ აქ

კომენტარები