სამადაშვილი საკადრო ცვლილებებზე: პოლიტიკური პასუხისმგებლობის აცილების მცდელობაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი საკადრო ცვლილებებს მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობად აფასებს. სამადაშვილის თქმით, პარტია რამდენიმე თვეა, გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარებას უშედეგოდ ითხოვს, მისი ჩანაცვლება კი არსებულ კითხვებს ვერ გააბათილებს. 

"ეს არის მცდელობა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიცილონ ყველაფერ იმაზე, რაც დაგროვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მრავალი თვეა, ჩვენ ვითხოვთ მის გამოცხადებას პარლამენტში, რათა პასუხი გასცეს დაგროვილ შეკითხვებს გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს ამ შეკითხვებს, გამოცვალოს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიას, როგორც ჩემთვის ცნობილია, არც პოლიტიკური და არც შესაბამისი პროფესიული გამოცდილება არ აქვს, იმისთვის, რომ დაიკავოს ასეთი საკვანძო პოსტი. მთავრობის ოპტიმიზაცია უნდა ხდებოდეს თავისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისთვის. მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირება თავისთავად არაფერს ნიშნავს", - ამბობს სამადაშვილი. 

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა. ბრიფინგს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გამართავს. 

კომენტარები